Thumbnail
  • მილანის ინტერი ლიონელ მესის თემას ოფიციალურად გამოეხმაურა
  • ჯუზეპე მაროტამ არგენტინელის შესახებ კომენტარი გააკეთა
  • ბარსელონაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

ისედაც ჩანდა, რომ ეს სპეკულაცია უფრო იყო, ვიდრე ახალი ამბავი, მაგრამ მაინც: ახლა უკვე ყველაფერი ცხადია. გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი, შესაძლოა, მილანის ინტერში გადავიდეს, საბოლოოდ უარყოფილია. “ეს ფენტეზი ფეხბურთია,” - უთხრა ინტერის გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ Sky Italia-ს. მანამდე, ინტერის ყოფილი ბოსი მასიმო მორატი ამტკიცებდა, ინტერი მესის ტრანსფერზე მუშაობსო.

აღსანიშნავია, რომ მორატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ესპანურმა რადიო Cadena Ser-მაც გაამყარა, რომელიც იუწყებოდა, რომ მესისა და ბარსელონას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა.

“ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ლიონელ მესის შეძენა. ვფიქრობ, რომ მას თავისი კარიერის დასრულება ბარსელონაში სურს,” - დასძინა ინტერის შეფმა.

მანამდე, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, არგენტინელი ჩვენთან რჩებაო. “დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რაც მესისაც ბევრჯერ უთქვამს: ლეოს კარიერის ბარსელონაში დამთავრება სურს,” - ამბობდა ბარტომეუ.

არტურო ვიდალი ბარსადან წასვლის კანდიდატია

ამასობაში, ესპანური Marca წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელები მესის გუნდის გაძლიერებას დაპირდნენ. როგორც ირკვევა, ბარსაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. ‘მარკას’ ინფორმაციით, კლუბს 12 ფეხბურთელი დატოვებს - მათ შორის აუცილებლად იქნებიან ჟან-კლერ ტოდიბო და ფილიპე კოუტინიო, რომლებიც ბუნდესლიგაში იყვნენ განათხოვრებულები. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ბარსელონადან წასვლა მოუწევთ არტურო ვიდალს და უსმან დემბელესაც. ამავდროულად, ბარტომეუმ 'მუნდო დეპორტივოს' უთხრა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ახლა მარკ ანდრე ტერ შტეგენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.

რაც შეეხება ახალწვეულებს: როგორც იცით, კატალონიურმა გრანდმა უკვე გაიფორმა მირალემ პიანიჩი, რომელსაც ბარსა იუვენტუსისგან 60 მილიონ ევროდ ყიდულობს. სამაგიეროდ, კატალონიელები ტურინულ გრანდში ყიდიან არტურს (72 მილიონად). ბარსას ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა ლაუტარო მარტინესი (მილანის ინტერიდან).

კომენტარები

ბოლო ამბები