Thumbnail
  • ექვსი ერის წარმომადგენელმა ფიჯის განცხადებას უპასუხა
  • ექვსი ერის დარჩენილი მატჩებისა და ახალი ტურნირის პრობლემები
  • იტალიური გამოცემა ახალ ტურნირზე მეტ დეტალებს აქვეყნებს

ექვსი ერის ორგანიზაციის წარმომადგენელმა BBC-ის მეშვეობით, ფიჯის რაგბის კავშირის (FRU) განცხადებას უპასუხა...

ხუთშაბათს ფიჯის რაგბის შეფმა ჯონ ო'კონელმა განაცხადა: "ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობამდე. ამავე დროს, სუპერ რაგბიში ახალი ზელანდია და ავსტრალია კარზე გვიკაკუნებენ. ეს პერსპექტივაში დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს ფიჯის რაგბისთვის. წარსულში ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო".

ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა შესაძლოა, ისტორიული შანსი მიიღოს

მაგრამ ექვსი ერის წარმომადგენელმა BBC Sport-ს განუცხადა, რომ ფიჯიმ შესაძლოა, წლის ბოლოს ტესტმატჩების ახალ სერიაში მიიღოს მონაწილეობა, რომლებშიც მონაწილეობას ექვსი ერის გუნდები მიიღებენ, მაგრამ ეს არ იქნება ექვსი ერის მთავარი ტურნირი. 

ბრიტანული გამოცემა ადასტურებს, რომ წლის ბოლოს ახალი ტურნირი გაიმართება, რომელშიც 6 ერის გუნდებს ფიჯი და კიდევ ერთი ქვეყანა (სავარაუდოდ, ან საქართველო, ან იაპონია) დაემატება, თუმცა ამ ტურნირს ჯერ ოფიციალური სახელი არ ჰქვია. 

როგორც ხედავთ, ტრადიციული ღირებულებებით განწყობილ ექვსი ერის მესვეურებს არაფრით სურთ, ახალ ტურნირს ექვსი ერის სახელი მიენიჭოს. მათმა წარმომადგენელმა ტურნირს "ტესტ-მატჩების ახალი სერია უწოდა".

სხვათა შორის, ახალ ტურნირსა და საერთოდ სანაკრებო ტესტებს კიდევ ერთი დაბრკოლება გაუჩნდა - ფრანგული ელიტის (TOP 14, PRO D2) და ინგლისის პრემიერშიპის კლუბები ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ სანაკრებო ფანჯრის გაზრდით და იმუქრებიან ნაკრებებში მოთამაშეების არგაშვებით. ეს პრობლემებს შეუქმნის, როგორც ექვსი ერის ნაკრებებს (საფრანგეთი, ინგლისი, სხვა), ისე მიწვეულ ფიჯის და საქართველოსაც (თუ მიგვიწვევენ), რადგან ფიჯელთა და ქართველთა დიდი ნაწილიც ამ ლიგებში თამაშობენ.

onrugby.it წერს, რომ იაპონიას საქართველოსთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ, თუმცა რაზე დაყრდნობით, ამას გამოცემა არ განმარტავს.

სხვათა შორის იტალიურმა მედიამ ახალ ექსპერიმენტულ ექვს ერს უკვე მოუფიქრა სახელი - სუპერ 8 ერი. იტალიელები კიდევ ერთ დეტალს ახმოვანებენ ახალი ტურნირის ფორმატზე. მოგეხსენებათ, ის 2 პულად უნდა ჩატარდეს, რომლებშიც 4-4 ნაკრები მოხვდებიან. ჯგუფების გამარჯვებულები კი ტიტულისთვის ფინალში 5 დეკემბერს იბრძოლებენ. ეს ნიუანსები ცნობილი იყო, ilgazzettino.it კი ამატებს, რომ ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან ექვსი ერის ის ნაკრებები, რომელთაც ოქტომრის ბოლოს 2020 წლის ექვს ერზე ერთმანეთში სათამაშო დარჩათ. ეს იმისთვის ხდება, რომ რამდენიმე დღის შუალედში ნაკრებები ერთი და იმავე მეტოქეებს არ ეთამაშონ. თითო პულში აუცილებლად 3 ნაკრები იქნება ექვსი ერიდან და 1 მიწვეული. მაგალითად, იტალიას არ მოუწევს ინგლისთან თამაში, რადგან 31 ოქტომბერს ექვსი ერის ბოლო ტურში ისედაც ხვდება მას (ამ მატჩში სერჯო პარისეს აცილებენ). იტალია ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, შოტლანდიიდან ორთან მოხვდება და პულს ერთი მიწვეული ქვეყანა დაემატება (არის შანსი, რომ ეს საქართველო იყოს). 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებს ახალ (დროებით) ტურნირზე მიიწვევენ. დიდი ალბათობით, ის საფრანგეთთან პულში მოხვდება, რადგან ტესტ-მატჩი საფრანგეთთან ისედაც დაგეგმილი იყო. "ბორჯღალოსნებს" 7 ნოემბერს სენტ ეტიენში ფრანგებთან უნდა ეთამაშათ, თუმცა მსოფლიო რაგბის სპეციალურ კალენდარში 7 ნოემბერი დასვენების დღეა. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის ახალ კალენდარს ჯერ მხოლოდ სარეკომენდაციო ძალა აქვს. ის საბჭოზე 30 ივლისს უნდა დამტკიცდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები