Thumbnail

თავმდაბალი ქართველი გენიოსი - ვის უწოდებენ ირლანდიელთა ალექს ფერგიუსონს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • The42 კრივში ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაურ ანთიაზე სტატიას აქვეყნებს
  • ირლანდიელთა ალექს ფერგიუსონი, რომელმაც ქვეყანას 140 მედალი მოუპოვა

ირლანდიური Journal Media-ის სპორტულმა საიტმა The42-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ირლანდიის სამოყვარულო კრივის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაურ ანთიას, რომელსაც "თავმდაბალი ქართველი გენიოსი" უწოდა. ყოფილი ირლანდიელი მოკრივე ბილი უოლში, რომელიც 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, იხსენებს ანთიასთან ერთად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. 

ზაურ ანთია და ბილი უოლში ირლანდიის ნაკრებში ერთად 13 წლის განმავლობაში მუშაობდნენ

ზაურ ანთია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს ირლანდიის ნაკრებში და უშუალოდ დაკავშირებულია 140 საერთაშორისო მედალთან, რომლებიც მისმა შეგირდებმა მოიპოვეს. სწორედ მისმა შეგირდებმა მოიპოვეს ირლანდიელთა ოლიმპიური მედლების თითქმის მეოთხედი. 

ანთიას ხელმძღვანელობით, ირლანდიელმა მოკრივეებმა მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე (ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) საერთო ჯამში 140 მედალი მოიპოვეს.

ირლანდიაში კრივი ტრადიციული და სპორტის პოპულარული სახეობაა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კი 2003 წლიდან მოყოლებული სათავეში ზაურ ანთია უდგას. მანამდე ის საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტი, შემდეგ კი ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო. სხვათა შორის, ირლანდიაში ის არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს კურირებს, არამედ, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში. 2016 წელს ანთიამ კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ირლანდიის სამოყვარულო კრივის ასოციაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან ჰქონდა, მათ შორის, კანადიდან.

ყოფილმა ირლანდიელმა მოკრივე კარლ ფრამპტონმა ერთხელ მას ირლანდიური კრივის ალექს ფერგიუსონი უწოდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა კეტი ტეილორმა მას მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი უწოდა. 

ზაურ ანთია

ზაურ ანთია

ზაურ ანთია

ზაურ ანთია

ზაურ ანთია

The42-ის სტატიაში ბილი უოლში ასე იხსენებს ზაურ ანთიასთან ერთად გატარებულ დროს:

"მე და ზაური ოლიმპიურ თამაშებზე ერთად პირველად პეკინში მოვხვდით. მაშინ, როცა პეკინის ოლიმპიადა დაიწყო, რუსეთი მის სამშობლო საქართველოში შეიჭრა, მისი ოჯახი იქ იმყოფებოდა, ზაური ძალიან ნერვიულობდა, რადგან ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებოდა. ზუსტად ვიცი, მაშინ მან ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ ამის შესახებ ჩვენს მოკრივეებს არაფერი გაუგიათ, ნაკრებმა კი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ოლიმპიადა ჩაატარა". 

"როცა ირლანდიელი სადმე მიდის, ეძებს პაბს, სადაც თავის თანამემამულეს აღმოაჩენს და დაელაპარაკება. ირლანდიაში კი ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს. ზაური წლების განმავლობაში მარტო იყო და მოშბილიურ ენაზე მოსაუბრეც არავინ ჰყავდა გვერდით. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლო, მან ოჯახის ჩამოყვანა. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა. სიტუაცია მას მერე გამარტივდა, რაც ზაური ირლანდიაში ყველამ გაიცნო და მან ირლანდიური პასპორტიც მიიღო", -იხსენებს უოლში.

სრულად The42-ის სტატიის ნახვა ზაურ ანთიას შესახებ ამ მისამართზეა შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები