Thumbnail
  • 'საქართველოს მატჩები იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როცა ცსკა ევროლიგაში თამაშობს'
  • ადრე, რუსულ კლუბში აცხადებდნენ, რომ თორნიკეს ნაკრების ყველა მატჩზე გამოუშვებდნენ

რუსულმა სპორტ-ექსპრესმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტ ანდრეი ვატუტინს და მათ შორის, გუნდის ერთ-ერთ ახალწვეულ თორნიკე შენგელიას თაობაზეც არაერთი კითხვა დაუსვა. ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ის მონაკვეთი უნდა იყოს, სადაც რუსული გრანდის ხელმძღვანელი თოკოს საქართველოს ნაკრებში გამოშვებაზე საუბრობს. კონტრაქტზე ხელმოწერისას ითქვა, რომ შენგელიას ეროვნულ გუნდში გამოშვებაზე პრობლემა არ ექნებოდა და ეს, თითქოს, თავად ვატუტინმაც დაადასტურა, ახლა კი, მცირედით განსხვავებული კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თორნიკეს საქართველოს ნაკრებს იმ შემთხვევაში დაუთმობენ, თუკი, ჩვენს გუნდსა და ცსკა-ს მატჩები ზუსტად ერთ დღეს არ დაემთხვევა. აი, ვატუტინის კომენტარიც:

“ამ თემაზე საუბარი მართლაც გვქონდა და შენგელიას სანაკრებო მატჩებზე გაშვებაზე თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით. მომავალ სეზონში, მისთვის, სპორტული თვალსაზრისით ეროვნულ გუნდში თამაში არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალური ტურნირის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ამდენად, მხოლოდ რეიტინგში მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი მოთამაშეების გამოცდაზე თუ იზრუნებს. გაცილებით მნიშვნელოვანია 2021-22 წლების სეზონი, როდესაც მსოფლიო თასის კვალიფიკაცია დაიწყება.

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერისას ფაქტობრივად არცერთი კალათბურთელი არ სწევს წინა პლანზე სანაკრებო ინტერესებს, ჩვენ კი, შენგელიას შემთხვევაში, ასეთ რამეს პირველად წავაწყდით. ეს, თორნიკეს დიდ პატრიოტიზმზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ საკითხზე ჩვენ ხისტი პოზიცია არასდროს გვქონია. როდესაც ეროვნული ფედერაციებიდან მოთამაშეების გაშვების თაობაზე მომართვებს ვიღებთ, მათ ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით. უბრალოდ, აქ სხვა ფაქტორია: კალათბურთელებისთვის არსებული გრაფიკისთვის გაძლება ფიზიკურად რთულია. ხშირად, საკლუბო და სანაკრებო მატჩებს შორის შესვენება ერთი დღეც კი არაა, არადა, ამ დროში ერთი ქვეყნიდან მეორეში უნდა ჩახვიდე და აღდგენა და მომზადება მოასწრო. ამაზე ყველა ვერ წავა. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ თოკოს შემთხვევა სერიოზული პრეცედენტი გახდება, რომელიც “სისტემას დაამსხვრევს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ესპანურ ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელიას რუსული არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში გადასვლამ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნის მომხრეა.

კომენტარები

ბოლო ამბები