Thumbnail
  • გიორგი პაპუნაშვილისთვის რასინგში იჯარა წარუმატებელი გამოდგა
  • ფეხბურთელი უთამაშებლობის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე
  • სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ სარაგოსას ნახევარმცველთან

გიორგი პაპუნაშვილისთვის ეს სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ზედიზედ მეორე სეზონია, სეგუნდადან პრიმერაში გადასასვლელად მებრძოლმა სარაგოსამ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანტანდერის რასინგში გაანათხოვრა.

მიუხედავად იმისა, რომ კანტაბრიელები ძალიან ცუდ შედეგებს აფიქსირებდნენ, რასინგის მთავარმა მწვრთნელმა 24 წლის ქართველ ფებურთელს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ მისცა. მიზეზების გასარკვევად თავად გიორგის დავუკავშირდით.

გიორგიმ რასინგი იმედგაცრუებულმა დატოვა

POPSPORT: რა გახდა სარაგოსადან რასინგში შენი წამოსვლის მიზეზი?

გიორგი პაპუნაშვილი: თავდაპირველად მინდა ავღნიშნო, რომ დინამოდან სარაგოსაში ჩემი გადმოსვლის მომენტიდან იმაზე ვოცნებობდი, რომ პრიმერა დივიზიონში მეთამაშა. 2018-19 წლების სეზონში ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ახალ სეზონს უდიდესი იმედებით ვხვდებოდი, მაგრამ თავი ტრავმიანობამ იჩინა. სარაგოსადან წამოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ძალიან ბევრი, თითქმის ნახევარი წელიწადი გამიცდა. ცუდად დაემთხვა ისიც, რომ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოიყვანეს. მას თავისი შეხედულებები ჰქონდა. როდესაც გამოვჯანმრთელდი, არ მეძლეოდა სათამაშო დრო. მოედანზე მაქსიმუმ 15 წუთით გავდიოდი, მე კი საკმაოდ ამბიციური ფეხბურთელი ვარ. ვიცი ჩემი შესაძლებლობები. დროის ასე დაკარგვა არ მინდოდა. ამიტომაც მე და კლუბის ხელმძღვანელები მივედით საერთო აზრამდე, რომ ფორმის აღსადგენად და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, განათხოვრება კარგი იქნებოდა.

POPSPORT: გქონდა რასინგის გარდა სხვა ვარიანტები?

პაპუნაშვილი: იყო საუბარი ბერძნულ პანათინაიკოსსა და ესპანურ ექსტრემადურაზე, თუმცა არჩევანი საბოლოოდ რასინგზე შეჩერდა.

პაპუს ხოსე ლუის ოლტრასთან ურთიერთობა გაუფუჭდა

POPSPORT: სათამაშო დრო არც რასინგში გეძლეოდა...

პაპუნაშვილი: სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ საკმაოდ ნეგატიური ფონი შეიქმნა, ყველა კითხულობდა: "სადაა პაპუ". ზოგი სანტანდერში დასასვენებლად წასვლასაც კი მაბრალებდა. არადა, სიტუაცია ისე არაა, როგორც აღწერდნენ.

რასინგში მე იმის იმედით წავედი, რომ გუნდს რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში დავეხმარებოდი. გუნდში ჩემი მისვლის მომენტში კონკურენტთან მხოლოდ ექვს ქულას ვაგებდით. პირველი მატჩები კარგად ჩავატარე - ერთ შეხვედრაში ძირითადში ვიყავი, ხოლო მეორეში კი ცვლილებაზე შევედი, მაგრამ მივიღე მცირე დაზიანება, შემდეგ კი შეიცვალა მწვრთნელი. ხოსე ლუის ოლტრასთან ერთად ორი თამაში ჩავატარე და სეზონიც შეწყდა. იძულებითი შესვენების შემდეგ ვარჯიში განვაახლე...

მე ასე ვიცი - მწვრთნელი შემადგენლობას იქიდან გამომდინარე აყენებს, თუ როგორ გამოიჩენენ მოთამაშეები ვარჯიშებზე თავს. ვგრძნობდი, რომ კარგ ფორმაში და საკმაოდ მოტივირებული ვიყავი. ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველ შეხვედრებში განაცხადშიც კი არ ვიყავი. მაშინ, როდესაც გუნდი ბოლო ადგილზეა, გაქვს ხუთი ცვლილების უფლება და ჩემს მაგივრად განაცხადში აკადემიის გამოუცდელი მოთამაშეები არიან, ეს ლოგიკურ გადაწყვეტილებად ვერ მივიჩნიე. მწვრთნელთან შეხვედრისას მას ვუთხარი ის ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი. საბოლოო ჯამში, ამან ის შედეგი მომცა, რომ მოედანზე გასვლა აღარ მაღირსა.

სწორად მინდა გამიგოთ, ჩემთვის მისაღებია კრიტიკა, შემიძლია მოვისმინო და მივიღო კრიტიკული მოსაზრებები და გამონათქვამები, მაგრამ როდესაც რაღაც მოვლენაზე საკუთარი აზრი გამაჩნია, ამ აზრს ყოველთვის გამოვთქვამ. საბოლოოდ რაც რასინგს დაემართა, ყველამ იცის. ბოლო 11 მატჩიდან გუნდმა ორი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი მოიგო.

პაპუნაშვილს სარაგოსას დატოვება არ სურს

POPSPORT: შენი დღევანდელი მდგომარეობა როგორია?

პაპუნაშვილი: ამჟამად სარაგოსაში დავბრუნდი. გუნდს ჯერ არ აქვს ჩემი დარეგისტრირების უფლება. სეგუნდაში პლეი ოფები უნდა გაიმართოს და სარაგოსაც პრიმერაში გადასასვლელად იბრძვის. აქ ერთი ნიუანსია. კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, გადაიდო დეპორტივოს და ფუენლაბრადას შორის მატჩი. ეს შეხვედრა როდის ჩატარდება, უცნობია. ამ მომენტში პლეი ოფის ზონაში ელჩეა, მაგრამ სიტუაცია გაურკვეველია. სარაგოსა ელოდება პასუხს კითხვაზე, ვის უნდა ეთამაშოს - ფუენლაბრადას თუ ელჩეს? სანამ სეზონი არ დასრულდება, ფეხბურთელების რეგისტრაცია შეჩერებულია. ამჟამად შვებულებაში ვარ და ველოდები ტურნირის დასრულებას.

📺 გიორგი პაპუნაშვილის გოლები სარაგოსაში

POPSPORT: სარაგოსაში დარჩენა გინდა?

პაპუნაშვილი: კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელიწადი სარაგოსას ვეკუთვნი. მინდა, რომ გუნდში დავრჩე. ამ მომენტისთვის სერიოზული მოლაპარაკება არც ერთ კლუბთან არ მიმდინარეობს. დაიწერა ბერძნული პანათინაიკოსისა და ოლიმპიაკოსის ინტერესზე, მაგრამ ეს მხოლოდ პრესის ინფორმაცია იყო, ისიც ალბათ იმიტომ, რომ ფაქტობრივად სეზონი გამიცდა

POPSPORT: რა ჭირს სარაგოსას? გასულ სეზონში პლეი ოფი ვერ მოიგო, წელს კი ჩემპიონატის ბოლო ტურებში ისეთი ცუდი შედეგები აჩვენა, რომ ყოველგვარი გადათამაშების გარეშე პრიმერაში გადმოსვლის შანსი დაკარგა.

პაპუნაშვილი: არაგონელები გადმოსვლასთან წელს უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე შარშან. წარმოიდგინეთ, ბოლო 7 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. წააგო ყველა კონკურენტთან, გაუშვა 16 გოლი, რაც სეგუნდა დივიზიონისთვის ძალიან იშვიათი მოვლენაა. ამდენი ბურთი ამ ჩემპიონატში უბრალოდ არ გადის. შესაბამისად, სარაგოსამ გაანიავა ხუთქულიანი უპირატესობა, რაც სეგუნდაში საკმაოდ დიდი ფორაა.

გიორგის ეროვნული ნაკრების 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი

POPSPORT: დაბოლოს, გიორგი ქოჩორაშვილზე. ქართველმა ფეხბურთელმა პრიმერაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა. რას უსურვებდი და რას ურჩევდი ლევანტეს ახალგაზრდა ნახევარმცველს?

პაპუნაშვილი: გიორგის პირადად არ ვიცნობ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაცაა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა - კარიერის რომელ ეტაპზეც ახლა გიორგია, ბევრისთვის საოცნებოა. შორს რომ არ წავიდეთ, ჩემი მაგალითიც საკმარისია, ოთხი წელია ესპანეთში ვარ და პრიმერაში თამაშის ოცნება ჯერ ვერ ავიხდინე. უზომოდ ბევრი უნდა იშრომოს და უფრო დიდ შედეგსაც მიაღწევს. მას უკვე აქვს უდიდესი ნაბიჯი გადადგმული და ასე უნდა გააგრელოს. იმედი მაქვს, გარკვეული დროის შემდეგ უფრო დიდ კლუბში ვიხილავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები