Thumbnail
  • მარსელომ კარიერა და ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალები გაიხსენა
  • ლივერპულთან ფინალი სალაჰის ფაქტორის გამო იყო პრინციპული
  • ბრაზილიელის კარიერაში გადამწყვეტი როლი ბაბუამ ითამაშა

შემოდგომაზე, როდესაც რეალი ჯერ კიდევ ღრმა კრიზისში იყო, მარსელო თავის ვრცელ ინტერვიუში ყველას დაგვპირდა, რომ რეალი აუცილებლად დაბრუნდებოდა. მან ბევრი რამ გაიხსენა - ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალები, კრიშტიანო რონალდო და მის მიერ გავლილი გზა გაჭირვებიდან სუპერვარსკვლავობამდე. მარსელოს და რეალის ამბავი პოპსპორტმა თარგმნა.

მარსელომ სალაჰზე უნდა ილოცოს?!

ვერ ვსუნთქვავდი. ვცდილობდი, პანიკას არ ავყოლოდი. ეს რეალის გასახდელში, 2018 წელს ხდებოდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ.

ისეთი განცდა მქონდა, თითქოს, მკერდში რაღაც გამეჭედა. სტრესი, ზეწოლა. იცით, ეს რა შეგრძნებაა? არ ვლაპარაკობ ნერვებზე. ნერვები ფეხბურთში ნორმალური ამბავია. ეს რაღაც სხვა იყო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიხრჩობოდი.

ყველაფერი ფინალის წინა ღამეს დაიწყო. ვერაფერს ვჭამდი, ვერ ვიძინებდი. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი. ჩემი ცოლი კლარისი გიჟდება ხოლმე, როცა ნერვიულობისგან ფრჩხილებს ვიკვნეტ. ბოლოს და ბოლოს მოახერხა და ამ ჩვევას რამდენიმე წლის წინ გადამაჩვია. ფინალის დღეს რომ გავიღვიძე, ფრჩხილები ისევ არ მქონდა.

ნერვიულობა ფეხბურთში ნორმალურია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ - თუ ფინალის წინ ღელვას არ გრძნობ, მაშინ ადამიანი არ ხარ.

მე ყველაზე დიდი სტრესი ლივერპულთან ფინალის წინ მქონდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უცნაურია. მანამდე ზედიზედ ორი ფინალი გვქონდა მოგებული. ყველას, ნეიტრალურ გულშემატკივარს, ლივერპულის გამარჯვება სურდა. რა იყო პრობლემა?

მარსელო ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია

როცა ისტორიის შექმნის შანსი გაქვს, მაშინ გრძნობ ზეწოლას. ადრე არ მიგრძვნია, ახლი კი ვგრძნობდი ამ ღელვას. მინდოდა, ექიმთან დამერეკა, მაგრამ მერე შემეშინდა, რომ თამაშის უფლებას არ მომცემდნენ. არადა, აუცილებლად უნდა მეთამაშა. უნდა მეჩვენებინა, რა შემიძლია.

საქმე ის არის, რომ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, რეალის ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩემზე რაღაც თქვა ტელევიზიაში. მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ფინალზე. მანაც უპასუხა: ‘მგონია, რომ მარსელომ მოჰამედ სალაჰის პოსტერი უნდა იყიდოს, კედელზე ჩამოკიდოს და მის წინ ყოველ დღე ილოცოს.’

12 წლის და 3 ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ის მე სახალხოდ მამცირებდა. ამან მომცა მოტივაცია. მინდოდა, ისტორია შემექმნა. მინდოდა, პატარა ბავშვებს ბრაზილიაში ჩემთვის ისე შემოეხედათ, როგორც მე რობერტო კარლოსს ვუყურებდი. მინდოდა, რომ მათ ჩემსავით გაეზარდათ თმები. მიხვდით?

უნდა იცოდეთ, რას ნიშნავდა ჩემთვის ეს მომენტი. როცა ვიზრდებოდი, მადრიდის რეალი და ჩემპიონთა ლიგა არარეალური ჩანდა. ბექჰემი, ზიდანი და რობერტო კარლოსი ჩემთვის ისე იყვნენ, როგორც ბეტმენი. შეუძლებელია, მათ შეხვდე, შეუძლებელია მათნაირი იყო. ჩემთვის ეს ხალხი ჰაერში დადიოდა. ახლა კი მათ ადგილას მე ვარ.

ერთი ამბავი მაქვს: მადრიდში, ჩემს სახლში ერთი ბიჭი მებაღედ მუშაობს. რობერტო კარლოსი ჩემთან სტუმრად მოვიდა. როცა ეს ბიჭი სახლში შემოვიდა, ქანდაკებასავით გაშეშდა.

მე ვუთხარი: ‘ეს რობერტო კარლოსია.’

‘არა, ეს შეუძლებელია. შანსი არაა, ეს კარლოსი იყოს’ - მიპასუხა მან.

რობერტომ უპასუხა: ‘კი, ეს მე ვარ.’

ბიჭი მივიდა და მას თავზე შეეხო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილი რობერტო კარლოსი იყო. ბოლოს აღიარა: ‘კი, ეს შენ ხარ’.

ეს სამყარო სხვებისთვის სიზმარია და ახლა მე შემიძლია, მისი ნაწილი ვიყო.

13 წელი მადრიდის რეალში

რამდენიმე წლის წინ ბრაზილიაში ვიყავი ჩემს ოჯახთან. მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშზე ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან წამოღებული ბურთი წავიღე. ვთამაშობდით და უცებ ვთქვი: ‘ეს ნამდვილი ფინალის ბურთია’. ყველანი გაშეშდნენ. ისე უყურებდნენ, როგორც მთვარიდან ჩამოტანილ ქვას. ამხელა კაცები პატარა ბავშვებივით გახდნენ. არავის სურდა, ბურთს შეხებოდა. თითქოს წმინდა იყო. მეც ამ სამყაროდან დავიწყე. ხვდებით ახლა ალბათ, რას ნიშნავს პატარა მარსელინიოსთვის, ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის მოგება.

არ მეშინია, ვაღიარო: ეს დიდი სტრესი იყო. სტრესი მაშინ მომეხსნა, როცა მინდორზე გავედით და ბურთი მოედნის ცენტრში დავინახე. თამაშიდან არაფერი მახსოვს ორი მომენტის გარდა: 2:1-ს ვიგებდით, 20 წუთი იყო დარჩენილი, კუთხურს ვაწვდიდი და გამახსენდა: ‘სალაჰის პოსტერი კედელზე არა?! მადლობა, ძმაო, მადლობა მოტივაციისთვის!’

ათი წუთი იყო დარჩენილი. 3:1-ს ვიგებდით და ცრემლები პირდაპირ მოედანზე წამსკდა. ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თამაშის მერე კი, მაგრამ თამაშის დროს არასოდეს მიტირია.

ხალხს ფეხბურთელები სუპერგმირები ჰგონია. არადა, ასე არ არის. ჩვენც ვნერვიულობთ, ჩვენც ადამიანები ვართ.

4 ჩემპიონთა ლიგა 5 წელიწადში და ეს ყოველ ჯერზე ძალიან რთული იყო. შენ ჩვენ გვხედავ თასით ხელში, როცა ვზეიმობთ, მაგრამ შენ არ იცი მთელი ისტორია. ყველა ფინალზე რაღაც მახსენდება. კინოსავითაა.

კრიშტიანოც ღელავს

2017 წლის ფინალი იუვენტუსის წინააღმდეგ. მახსენდება, როგორ ვზივართ თამაშისწინა სადილის დროს ბიჭები მაგიდასთან: მე, კაზემირო, კრიშტიანო რონალდო და დანილო. სრული სიჩუმეა, ყველა დუმს. ჩუმად ვჭამთ. გვერდით მჯდომის მუცლის ხმებიც კი ისმის. ყველა დაძაბულია. ამ დროს კრიშტიანო ამბობს: ‘კითხვა მაქვს ბიჭებო?’

ჩვენ ვპასუხობთ: ‘თქვი, ძმაო’.

კრიშტიანო: ‘ეს მარტო მე ვარ, შიგნიდან დაძაბულობას, რომ ვგრძნობ.’

‘ჩვენც, ჩვენც’ - ავყვირდით ყველანი.

აღიარება არავის უნდოდა. მაგრამ, თუ კრიშტიანოც გრძნობს ზეწოლას, მაშინ ეს ჩვენთვისაც ნორმალურია. ყველას მოგვეშვა. კრიშტიანო?! მას ნერვები არ აქვს, მანქანაა. და მასაც კი ეშინია.

თამაშზე რომ წავედით, კრიშტანომ ზუსტად იწინასწარმეტყველა, მატჩი როგორ წავიდოდა: ‘თავიდან რთული იქნება, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ იოლად გავიმარჯვებთ.’

კრიშტიანო და მარსელო ახლო მეგობრები არიან

ეს არასოდეს დამავიწყდება. ზუსტად იცოდა, რა მოხდებოდა.

ასეთი ამბები არასოდეს დამავიწყდება. ამ ისტორიებს ჩემს შვილიშვილებს მოვუყვები. და როცა 30 წელიწადში მათ ვეტყვი, რომ მე იგივე მინდორზე ვთამაშობდი, რომელზეც მესი და კრიშტიანო, ისინი მეტყვიან: ‘და შენ ამბობ, რომ მათ სეზონში 50 გოლი გაჰქონდათ?! და მათთან თამაშობდი?! იტყუები! შენ გაგიჟდი! ბაბუა, ექიმთან უნდა წავიყვანოთ.'

რამოსმა სიცოცხლე დაგვიბრუნა

მახსოვს 2016 წლის ფინალიც: პენალტები, ლუკას ვასკესი ბურთს იღებს და თითზე ატრიალებს გადამწყვეტი პენალტის წინ. თითქოს პარკში ვთამაშობდით. ეს წყნარი ბავშვი ასეთ სიტუაციაში ასეთი გამბედავი იყო. მახსოვს, ვფიქრობდი, თუ ვერ გაიტანა, ამას მაგრად ვცემთ-მეთქი. მაგრამ ლუკასმა გაიტანა.

ატლეტიკოს მომდევნო დარტყმა უწევდა. კაზემირო მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, პეპე ბავშვივით ტიროდა. კრიშტიანოს ვუთხარი: ‘ხუანფრანი ვერ გაიტანს და მერე შენ ამ თამაშს ჩვენთვის მოიგებ!’

ხუანფრანმა ვერ გაიტანა და კრიშტიანომ ლიგა მოგვაგებინა!

2014 წლის ფინალში ძირთადში არ ვიყავი. სკამზე ვიჯექი და ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან არ მათამაშეს. ვიმეორებდი ფრაზას, რომელსაც ბაბუაჩემი ამბობდა ხოლმე. ის ცნობილი იყო თავისი ხასიათით და ფრაზებით. ფეხბურთის დაწყებამდე ამბობდა: ‘მე მოედანზე ყველაფერს დავტოვებ: ჩემს წვერს, ჩემს თმას და ჩემს ულვაშებს.’

მეორე ტაიმში, როცა მწვრთნელმა მითხრა, რომ უნდა გავხურებულიყავი, უკვე ვდუღდი, თითქოს ყურებიდან ბოლი გამომდიოდა. არ ვიცი, კარგად ვითამაშე, თუ ცუდად, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი მოედანზე დავტოვე - მთელი ჩემი ბრაზი, ჩემი ემოცია, ის ყავაც კი, რომელიც დილას დავლიე. და შემდეგ მოვიდა 92:48 და სერხიო რამოსის თავური.

ატლეტიკოსთან რამოსმა ბოლო წამებზე გაათანაბრა

სერხიო რამოსი! ჩვენი ლიდერი! ჩვენ მკვდრები ვიყავით, დამარცხებულები! და სერხიომ სიცოცხლე დაგვიბრუნა. გასახდელში თამაშის შემდეგ ჩვენმა მეგარდერობემ მანოლინმა მითხრა: ‘მარსელო, გვირაბში ვიდექით 90-ე წუთზე და დავინახეთ, როგორ მოჰქონდათ ატლეტიკოსთვის მაისურები წარწერით ‘ჩემპიონები’ და შამპანური.’ უცებ ჯერ სიცილი დაიწყო, შემდეგ ატირდა. მე ვუთხარი: ‘ახლა შემიძლია, ბედნიერი მოვკვდე.’ ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება.

თასები მუზეუმში მიდის, მაგრამ ეს მოგონებები მუდამ ჩვენთან რჩება.

მადრიდის რეალში არ არსებობს: ‘ამას ხვალ ვიზამ’. არა ძმაო, ეს დღესვე უნდა გააკეთო.

წელს დავბრუნდებით

წინა წელი ჩავაგდეთ. ეს ვიცით. არაფერი მოგვიგია. საშინელება იყო. მაგრამ ამ წელმა ჩვენ ახალი მოტივაციაც მოგვცა.

მახსოვს, ესპანეთში როგორ მივფრინავდი, 18 წლის ასაკში. ისიც კი არ ვიცოდი, კონტრაქტს თუ მოვაწერდი ხელს. ვიცოდი, რომ რეალს ჩემი ნახვა უნდოდა. მე, ჩემი მომავალი ცოლი, ბაბუაჩემი და ჩემი საუკეთესო ძმაკაცი. ჩვენ ოთხი და ჯი-პი-ესი. მეტი არაფერი გვქონდა. ჩვენს გარდა, მხოლოდ მამაჩემმა იცოდა, სად მივდიოდი. არ გვინდოდა, ვინმესთვის ტყუილი იმედები მიგვეცა.

რეალი რაღაც ზღაპარი იყო. ხომ  გახსოვთ, გითხარით.

რომც მეთქვა, რეალში მივდივარ-მეთქი, არ დამიჯერებდნენ.

მახსოვს, როდესაც რეალის ოფისში ვიჯექი და სამედიცინო შემოწმების შემდეგ ერთ-ერთმა მწვრთნელმა მითხრა: ‘ხვალისთვის შარვალი და პიჯაკი უნდა იყიდო’.

ვკითხე: ‘რისთვის, რაში მჭირდება?’

მიპასუხა: ‘რისთვის?! რატომ მეკითხები? ხვალ 'ბერნაბეუზე' პრეზენტაცია გაქვს, შვილო.’

როცა კონტრაქტი დამიდეს, მზად ვიყავი, მასზე სისხლით მომეწერა ხელი.

ეს ხუთწლიანი კონტრაქტი იყო, მაგრამ მე მიზნად დავისახე, 10 წელი დავრჩენილიყავი. უკვე 13 წელი გავიდა და პატარა მარსელინიო რიოდან ისევ აქ არის. ვისაც ჩემში ეჭვი ეპარება, მინდა ვუთხრა: არსად წასვლას არ ვაპირებ. დიდი პატივია, რეალის ისტორიაში უცხოელ მოთამაშეებს შორის ყველაზე დიდი ხანი სწორედ მე დავრჩი.

ზიდაის დაბრუნების შემდეგ მარსელომ რეალში თავისი როლი დაიბრუნა

ახლა უკვე იცით, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ. 8 წლის ვიყავი. ფული საერთოდ არ გვქონდა. ბენზინის ფულიც კი არ გვქონდა, რომ ვარჯიშზე ყოველდღე ვეტარებინეთ. ბაბუაჩემმა ისეთი მსხვერპლი გაიღო, მთელი ცხოვრება რომ შეცვალა. მან თავისი ფოლკსვაგენი გაყიდა და იმ ფულით ყოველდღე ავტობუსის ბილეთის ფული გაგვიჩნდა. ყოველდღე სწორედ მას მივყავდი ავტობუსით ვარჯიშზე. ყოველდღე, გადაჭედილ 410 ნომერში, სიცხეში, გვერდიგვერდ, მთელი რიო უნდა გადაგველახა.

ყოველდღე, როგორც არ უნდა მეთამაშა, ის მეუბნებოდა: ‘საუკეთესო ხარ! შენ მარსელინიო ხარ! ერთ დღესაც, ბრაზილიის ნაკრებში ითამაშებ! ერთ დღესაც, მარაკანაზე გნახავ.’

დღესაც მახსოვს იმ ავტობუსის სუნი.

ბაბუაჩემმა ჩემთვის მთელი მისი ცხოვრება გაიღო. როცა მისი მეგობრები ეხუმრებოდნენ, რომ ის ღატაკი იყო, ჯიბეებს გადმოიბრუნებდა და ამბობდა: „შეხედეთ, ერთი პენიც კი არ მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ.’

მას ჩემი სჯეროდა.

სწორედ ამიტომ ავტირდი ლივერპულთან თამაშის დროს. ყველაფერი გამახსენდა.

არ ვიცი, მადრიდში რამდენი სეზონი დამრჩა, მაგრამ გპირდებით, რომ წელსაც ყველაფერს მინდორზე დავტოვებ. როგორც ბაბუაჩემი იტყოდა: ჩემს თმას, ჩემს წვერს, ჩემს ულვაშებს.

ყველასთვის, ვისაც ჩვენში ეჭვი მეპარება, ერთი მესიჯი მაქვს: მადრიდის რეალი დაბრუნდება.

ეს პოსტერზე დაწერეთ. კედელზე გააკარით და ილოცეთ.

ჩვენ დავბრუნდებით!

კომენტარები

ბოლო ამბები