Thumbnail
  • MARCA-მ იმ გეგმების შესახებ დაწერა, რომელიც 'სამეფო კლუბს' ამ ზაფხულს აქვს
  • მადრიდის რეალი არაერთ ვარსკვლავთან დამშვიდობებას აპირებს

მადრიდის რეალი საზაფხულო პერიოდში დიდ ცვლილებებს გეგმავს, რის შედეგადაც კლუბი ახალ სახეს მიიღებს. კულუარულ ინფორმაციებს მადრიდული გაზეთი MARCA ავრცელებს. მის თანახმად “სამეფო კლუბი” ერთბაშად 12 (!) ფეხბურთელის გაშვებას აპირებს, სამაგიეროდ კი, 11 მოთამაშეს დაიბრუნებს, რომლებიც განათხოვრებული ჰყავს. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, რეალი იმ ზარალის აღმოფხვრას (დაახლოებით 200 მილიონი ევრო) გეგმავს, რომელიც პანდემიის პერიოდში მიიღო.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ რეალთან დამშვიდობება მოუწევთ ხამეს როდრიგესს, გარეთ ბეილს, ლუკა იოვიჩსა და მარიანო დიასს. ხამესს მადრიდელებთან კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება და კლუბი მასში დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს. ტრანსფერი, შესაძლოა, იმან გააართულოს, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი ხელფასის სახით სეზონში 8 მილიონ ევროს იღებს. არსებობს ინფორმაცია, რომ როდრიგესის თავის რიგებში ხილვა მანჩესტერ იუნაიტედს, მილანს, ინტერსა და ბენფიკას სურთ.

ზინედინ ზიდანი არაერთ მოთამაშეს გამოეთხოვება

ბეილის მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის და მისი გასხვისება კიდევ უფრო პრობლემატურია, რადგანაც უელსელი ლეგიონერის ანაზღაურება 17 მილიონი ევროა. აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, რეალის სამომავლო გეგმებში აღარ ჯდებიან ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი, დანი სებალიოსი, ალვარო ოდრისოლა, ოსკარ როდრიგესი, ხესუს ვალეხო, ბორხა მაიორალი  და ხორხე დე ფრუტოსი.

ამ ფონზე, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა აპირებს სხვადასხვა კლუბებში განათხოვრებული ერთბაშად 11 ფეხბურთელი დაიბრუნოს, რის შემდეგაც გუნდში 37 მოთამაშე მოგროვდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რეალმა ესპანური ლა ლიგა 34-ედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ახლა, მადრიდელთა მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგაა, სადაც მერვედფინალურ ეტაპზე მათი მეტოქე ინგლისური მანჩესტერ სიტია.

კომენტარები

ბოლო ამბები