Thumbnail

რობერტო მანჩინი გაბრაზდა - იტალიის ნაკრებში განხეთქილებაა?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის ნაკრებში შესაძლოა განხეთქილებამ იფეთქოს. „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტზე ლეგენდარული მარჩელო ლიპის დანიშვნის წინააღმდეგია.

იტალიურმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიპი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას ინიციატივით იტალიის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად დაინიშნებოდა.

მანჩინიმ შესაძლოა იტალიის ნაკრები ლიპის გამო დატოვოს

როგორც გაირკვა, გრავინამ ეს გადაწყვეტილება მანჩინისთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რამაც იტალიელი სპეციალისტის გაცხარება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ რობერტოს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ლიპისთან პირადი კონფლიქტი არასდროს ჰქონია, მაგრამ ამის მიუხედავად, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის ნაკრებში დაბრუნების პერსპექტივა არ მოსწონს.

„კორიერე დელო სპორტი“ იმასაც განმარტავს, რომ ამ ეტაპზე გრავინასა და მანჩინის შორის ხსენებული საკითხის გამო კონფლიქტის ნიშნებიც არ არსებობს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ პრემიერლიგის რამდენიმე გუნდი (სახელები არ კონკრეტდება) მზადაა, მანჩინის სამსახური შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე აპენინელებს 10-დან 10-ვე მატჩი მოაგებინა. რაც შეეხება მარჩელო ლიპის, მან იტალიას ჯერჯერობით ბოლოჯერ მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი (2006 წელს), ხოლო 2010 წელს მეორე მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. ლიპი ბოლოს ჩინეთის ნაკრებში მუშაობდა, ამჟამად კი საკუთარ სახლში, ვიარეჯოში ისვენებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები