Thumbnail

წყლის ეტლითხილამურით თბილისის ზღვაზე - კიდევ ერთი კარგი დღე

პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გრძელდება. ამჯერად მის ფარგლებში თბილისის ზღვის კლუბში წყლის ეტლითხილამურის აქტივობა გაიმართა. ღონისძიება ხორციელდება კომპანიის ევროპაბეთი მხარდაჭერით.

აქტივობაში მონაწილეობა 12-მა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, ვეტერანმა და პარასპორტსმენმა მიიღო. წყლის ეტლითხილამურის კონსტრუქცია, რომელიც აქტივობისას იქნა გამოყენებული, ქართველმა პარასპორტსმენმა გოგა კოხრეიძემ შექმნა.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედია კავშირის თავმჯდომარე)
"თბილისის ზღვის კლუბში გაიმართა ძალიან საინტერესო ღონისძიება. ეს გახლავთ წყლის ეტლითხილამურის აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა მიიღეს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს - ევროპაბეთს, სოკარს და ზედაზენს."

ღონისძიების მონაწილეებმა, სწორედ ამ დღეს, პირველად გამოსცადეს საკუთარი ძალები სპორტის ამ სახეობაში. აქტივობა წარმატებული და აზარტული აღმოჩნდა. მიუხედავად სირთულეებისა, მონაწილეებისთვის დღე სასიამოვნო და ემოციებით სავსე გამოვიდა.

გიორგი მაჭარაშვილი (პროექტის მონაწილე)
"ჩვენთვის, ვეტერანებისთვის, ძალიან დიდი პატივია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. დღეს დიდი სიამოვნება მივიღეთ წყლის ეტლითხილამურებზე სრიალით და მზად ვართ, მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა."

რუსლან ჩილაშვილი (პროექტის მონაწილე)
"მე ამპუტანტი ფეხბურთელი ვარ. მიხარია, რომ მივიღე მონაწილეობა ეტლითხილამურის აქტივობაში. ძალიან მაგრად გავერთე. აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა. მადლობას ვუხდი ევროპაბეთს და სოკარს, რომ შშმ პირებს ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა."

მსგავსი პროექტის ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება. სამომავლოდ იგივე კონსტრუქციის მიხედვით დამზადდება ორი უფრო მსუბუქი წყლის ეტლითხილამური, რომლითაც სარგებლობა ყველა შშმ პირს შეეძლება. ორგანიზატორები სამომავლოდ ტურნირის დახვეწასა და მონაწილეების ზრდას გეგმავენ.

ღონისძიება იმართება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელსაც "ახალგაზრდული მედია კავშირი"  კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები