Thumbnail
  • 72 წლის სპეციალისტი ნაკრები გუნდების ტექნიკური დირექტორი გახდება
  • მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი ფედერაციის პრეზიდენტს უკვე შეხვდა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი "სკუადრა აძურაში" ბრუნდება. 72 წლის ლეგენდარული მწვრთნელი იტალიის ნაკრები გუნდების ტექნიკური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, მომავალში კი იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდება.

22 ივლისს ლიპი რომში, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტთან, გაბრიელე გრავინასთან შეხვედრისას დააფიქსირეს, სადაც იტალიური წყაროების ცნობით, ქვეეყნის სხვადასხვა დონის - უფროს და ასაკობრივ, ქალთა და ვაჟთა ნაკრებ გუნდებში ლიპის ტექნიკურ დირექტორად დანიშვნის საკითხი განიხილეს. 

გეგმის თანახმად, მოგვიანებით მარჩელო ლიპიმ იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე რენცო ულივიერი უნდა შეცვალოს.

იტალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ჩინეთის ნაკრები იყო

მარჩელო ლიპის, რომელმაც იტალიის ნაკრებს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გაამარჯვებინა, სამწვრთნელო საქმიანობის დასრულების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა 2019 წლის იანვრის შემდეგ ამ საქმეს ჩამოშორებულია. ბოლოს იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც "სკუადრა აძურა" 2010 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვა, ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

მარჩელო ლიპის საკლუბო დონეზე კარიერა განსაკუთრებით წარმატებული ტურინის იუვენტუსში ჰქონდა, რომელთან ერთადაც სკუდეტო 5-ჯერ აქვს მოგებული, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები