Thumbnail

ტაისონმა მეტოქე შეარჩია - ისიც მსოფლიოს ექს-ჩემპიონია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მაიკი ლეგენდაა და მის შემოთავაზებაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა'
  • ორთაბრძოლის ჩატარება აშშ-ში სექტემბერში 8-რაუნდიანი ფორმატით იგეგმება

კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაიკ ტაისონი, რომელმაც რინგზე დაბრუნების შესახებ გამოაცხადა, შესაძლოა, კიდევ ერთ სახელოვან მოკრივე როი ჯონს-უმცროსს დაუპირისპირდეს. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ასევე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია ერთბაშად ოთხ წონით კატეგორიაში.

როგორც ირკვევა, მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ოფიციალური ინფორმაციის გაჟღერებას უკვე მიმდინარე კვირაში აპირებენ. წინასწარი ცნობით, დამაინტრიგებელი შერკინება სექტემბერში აშშ-ში 8-რაუნდიანი ფორმატით ჩატარდება.

ტაისონის მხარეს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, აღნიშნული ამბავის თემაზე ისაუბრა როი ჯონს-უმცროსმა.

“დიახ, ეს მართალია. მაიკი ლეგენდაა და როდესაც შემოთავაზებას იღებ, რომ მასთან ერთად რინგზე გახვიდე, უარის თქმა სისულელე იქნებოდა. კრივში დაბრუნებასა და ჩხუბს აღარ ვაპირებდი, თუმცა, ტაისონის გულისთვის გამონაკლისს დავუშვებ. ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ. უამრავი მოკრივიდან მან მე შემარჩია და მე წინააღმდეგი როგორ წავალ?”.

ცნობები იმის შესახებ, რომ 54 წლის ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა, მიმდინარე მაისის დასაწყისში გაჩნდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამის შესახებ ისაუბრა. ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. “რკინის მაიკი” რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როდესაც ზედიზედ შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა.

31 წლის როი ჯონსმა უკანასკნელი ორთაბრძოლა 2018 წლის თებერვალში ჩაატარა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სკოტ სიგმონს სძლია. მას პროფესიულ კარიერაში 75 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 66-ში იმარჯვა, 47-ში ნოკაუტით.

კომენტარები

ბოლო ამბები