Thumbnail

რესტარტი გადაიდო – ბასილაშვილი ვაშინგტონის ტურნირზე ვეღარ ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Citi Open 2020 აშშ-ს დედაქალაქში 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო
  • უცნობია, რა ბედი ეწევა ნიუ იორკის მასტერსსა და აშშ-ს ღია პირველობას

ვაშინგტონის საჩოგბურთო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარი), რომელშიც მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც გეგმავდა, აღარ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ Citi Open 2020 პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველი ოფიციალური ტურნირი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მასაც პრობლემები შეექმნა. ვაშინგტონში შეჯიბრის სტარტი 14 აგვისტოს გახლდათ დაგეგმილი, თუმცა, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის ავიარეისები ისევ შეზღუდულია, ჩოგბურთელების ამერიკაში ჩასვლა, შეუძლებელი გახდა.

ცნობილია, რომ ჩაიშალა ვინსტონ-სალემის ტურნირიც, რომელიც 23 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ამ ფონზე ჯერაც უცნობია რა ბედი ეწევა მომავალ თვეს დაგეგმილ ორ უმთავრეს შეჯიბრს. ამ დროისთვის დამტკიცებული კალენდრის თანახმად, 22 აგვისტოს ნიუ იორკის მასტერსი უნდა დაიწყოს, 31 აგვისტოდან კი იქვე, აშშ-ს ღია პირველობის სტარტს ელიან.

შეგახსენებთ, რომ ATP-ს რეიტინგში, რომელიც ბოლოს მარტში განახლდა, 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს 27-ე ადგილი უკავია. მას კარიერის პიკი გასული წლის მაისში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები