Thumbnail
  • კაი ჰავერტცის ლევერკუზენიდან ჩელსიში ტრანსფერი გარდაუვალია
  • Sky იტყობინება, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა

Sky-ს ინფორმაციით, ლევერკუზენის ბაიერის შემტევი კაი ჰავერტცი ჩელსის უახლოვდება. როგორც ირკვევა, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ლონდონურ კლუბს ხელფასზე და კონტრაქტის ხანგრძლივობაზე შეუთანხმდა.

მანამდე, კიკერი წერდა, რომ კაის ლევერკუზენში დარჩენა უკვე თითქმის გამორიცხული იყო. ახლა კი Sky იტყობინება, რომ ჰავერტცი და ჩელსი ყველაფერზე მორიგდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერის განხორციელებას ახლა კლუბების შეთანხმება სჭირდება.

ინგლისური და გერმანული მედიის ინფორმაციით, რეალურად, ჩელსი ერთადერთი კლუბია, ვისაც ახლა ჰავერტცში ფულის გადახდა შეუძლია. ლონდონელები მომავალი სეზონისთვის ტოპ-გუნდის შექმნას ცდილობენ და მფლობელი რომან აბრამოვიჩიც მზადაა, მიუხედავად კორონაკრიზისისა, ფული დახარჯოს. ჩელსიმ უკვე გადაიბირა გერმანელი თავდამსხმელი ტიმო ვერნერი და აიაქსის ვარსკვლავი ჰაკიმ ზიეჩი. ჰავერტცი მომდევნო სამიზნეა. Sky-ს ინფორმაციით, ჩელსი მზადაა, გერმანელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

გაირკვა, რომ ლევერკუზენთან მოლაპარაკებებს ლეგენდარული მეკარე პეტრ ჩეხი აწარმოებს, რომელიც ჩელსის ტექნიკური მრჩეველია. ლევერკუზენელები თავიდან 100 მილიონს ითხოვდნენ, მაგრამ ახლა უკვე მზად არიან, რომ დააკლონ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები