Thumbnail
  • საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი 10 დღე გაგრძლედება
  • ტურნირი კომპანია ევროპაბეთის მხარდაჭერით ტარდება
  • წილისყრის გარდა, საღამოს სხვა ღონისძიებებიც გაიმართა

20 ივლისს, ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და კომპანიის ევროპაბეთი ჩართულობით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმის მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. დღის მთავარი მოვლენა საქართველოს ქალთა შორის ჭადრაკის 77-ე ჩემპიონატის გახსნა იყო.

 

გიორგი გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი)
"დღეს არის ჭადრაკის საერთაშორისო დღე. მინდა, ქართული ჭადრაკის ყველა გულშემატკივარს მივულოცო დღევანდელი დღე და ქართულ ჭადრაკს წარმატებები ვუსურვო. დღეს დავიწყეთ ქალთა 77-ე ჩემპიონატი, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი ონლაინ-ტურნირი ჩავატარეთ და დღეს გამარჯვებული პრიზიორები დავაჯილდოვეთ. რაც შეეხება ქალთა ჩემპიონატს: თვითონ ფაქტი, რომ ის უკვე 77-ედ იმართება, ბევრის მთქმელია. 10 საუკეთესო ქალი მოჭადრაკე ერთმანეთს 10 დღის განმავლობაში წრიულად შეხვდება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ყველასთან ითამაშებს. სწორედ ამ ჩემპიონატის საპრიზო ფონდის გაზრდა მოხერხდა კომპანია ევროპაბეთის დახმარებით. ჩვენ ევროპაბეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ და კომპანია ქართული ჭადრაკისა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. უკვე ჩავატარეთ მამაკაცთა ჩემპიონატი, დაგეგმილი გვაქვს საკლუბო ჩემპიონატი ჩატარება, პატარა ბავშვების მწვრთნელების წახალისება და სხვა." 

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა შორის ჩემპიონატის გახსნა და წილისყრა ჩატარდა. ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 30 600 ლარია, ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით გაიმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკე-ქალები მიიღებენ: ლელა ჯავახიშვილი (2475), ბელა ხოტენაშვილი (2458), ნინო ბაციაშვილი (2457), მერი არაბიძე (2428), სალომე მელია (2370), სოფიკო ხუხაშვილი (2329), ნინო ხომერიკი (2319), სოფიო გვეტაძე (2308), ალექსანდრა ვახანია (2138) და ელენე წოწონავა (2012).

ჩემპიონატს დებიუტანტის სახით ელენე წოწონავა ეყოლება. ელენეს ასაკობრივ ტურნირებზე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევია და ამჯერად შეეცდება, თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინოს.

ელენე წოწონავა (ტურნირის დებიუტანტი)
"საქართველოს ქალთა ჩემპიონატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი ტურნირების ისტორიაში. ჩემპიონატში პირველად ვიღებ მონაწილეობას და ძალიან გახარებული ვარ. ტურნირისთვის ზაფხულში ვემზადებოდი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მაქსიმუმს ვაჩვენებ."   

პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი პრიზით, გამარჯვებული კი 10 000 ლარს მიიღებს (იხილეთ დებულება). როგორც აღვნიშნეთ, ტურნირი წრიულად გაიმართება და ყველა მოთამაშე შეხვდება ერთმანეთს. საბოლოო გამარჯვებული 30 ივლისს გამოვლინდება.

მერი არაბიძე (ტურნირის მოქმედი ჩემპიონი)
"ძალიან მიხარია, რომ 7-თვიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდით ჭადრაკს. საჭადრაკო ტურნირები განახლდა. ონლაინ სივრციდან გადმოვინაცვლეთ რეალურ ჭადრაკში. წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატში, ისევე როგორც ყოველთვის, ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. მე, როგორც შარშნადელი ჩემპიონი, შევეცდები, წელსაც კარგად ვითამაშო და ტიტული დავიცვა." 

გარდა ქალთა ჩემპიონატის გახსნისა, ასევე გაიმართა წიგნის “წარმატება წლიდან წლამდე” წარდგენა. საღამოს კი შედგა ჭადრაკის ფედერაციის ონლაინ ტურნირებში გამარჯვებულთა ჯადილდოების ცერემონიალი. ასევე გაიმართა ერთდროული თამაში-სეანსი საქველმოქმედო მარათონის  #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს მონაწილეებთან ერთად.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჩამოაყალიბა ჯგუფი საერთაშორისო, საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com, სადაც პროფესიონალ და მოყვარულ მოჭადრაკეებს ყოველდღიურ რეჟიმში შეეძლოთ საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობის მიღება. ფედერაციის ეგიდით სულ 4 თვის განმავლობაში 300-ზე მეტი ტურნირი გაიმართა.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE) 1924 წლის, 20 ივლისს, პარიზში დაარსდა. ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია 1966 წლიდან იღებს სათავეს. ამჟამად, ‘ფიდე’ 191 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას აერთიანებს და მთელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები