Thumbnail

სებასტიან ფეტელმა სულ 4 სიტყვა თქვა, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ძალიან ბევრი რამ გადმოეცა.

ლუის ჰემილტონის მიერ უდიდესი დომინირების შედეგად მოგებული უნგრეთის გრანპრის შემდეგ, გერმანული გაზეთ ‘ბილდის’ ჟურნალისტმა ფერარის შეფ მატია ბინოტოს და პილოტებს, სებასტიან ფეტელსა და შარლ ლეკლერს მარტივი კითხვით მიმართა: როგორ ფიქრობთ, შეიძლება არსებობდეს რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ლუის ჰემილტონი ჩემპიონი ვერ გახდება?

ამ კითხვას პირველმა ფეტელმა უპასუხა და მან მხოლოდ 4 სიტყვა თქვა, მაგრამ მრავლისმთქმელი წინადადება გამოუვიდა: “თუკი ჩემპიონატს ვალტერი მოიგებს.”

ლეკლერს მთლად ასე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ საკმარისად გასაგებად თქვა: “ლუისი დიდი ფავორიტია.”

ფერარის შეფმა ბინოტომ კი კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. არცაა ვალდებული. მისი პილოტების განცხადებები ისედაც მრავლისმეტყველი იყო.

უნგრეთის გრანპრის პოდიუმი: 1. ჰემილტონი, 2. ფერსტაპენი, 3. ბოტასი

ერთი სიტყვით, ფეტელმა სულ რაღაც 3 რბოლის შემდეგ მერსედესი ჩემპიონად გამოაცხადა. მართალია თუ არა სება? ფაქტია, რომ მერსედესმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო როგორც სრულ აჩქარებაზე ორიენტირებული რბოლები რედ ბულ რინგზე, ისე მოსახვევებით დატვირთულ უნგარორინგზეც. პირველი გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო, მეორე და მესამე კი - ჰემილტონმა.

უნგრეთში მერსედესის დომინაცია იმდენად დიდი იყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ჰემილტონი მეექვსეადგილოსან ფეტელს მეორე წრეზეც კი დაეწია და გაასწრო. ავტოსპორტის მედია ამის შესახებ წერდა, მერსედესმა ფერარი დაამცირაო. უშუალოდ რბოლის შემდეგ ფეტელი ამბობდა, რბოლამდეც კი ცხადი იყო, რომ ასე მოხდებოდაო.

 

3 რბოლის შემდეგ ჰემილტონი (63 ქულა) და ბოტასი (58) ინდივიდუალური ჩათვლის ცხრილს ძალიან დამაჯერებლად ლიდერობენ. სოლიდურია მერსედესის უპირატესობა გუნდურ ჩათვლაშიც - 121 ქულა აქვს, როცა მეორე ადგილზე მყოფი რედ ბულ რეისინგი ახლა 55-ქულიანია.

გამოდის, რომ იმ ფანებისთვის, რომლებსაც ჰემილტონის გაჩემპიონება არ სურთ, ამ სეზონში ბოლო იმედი სწორედ მისივე თანაგუნდელი ვალტერი ბოტასია. ‘ბილდის’ ჟურნალისტმა ფინელს ფეტელის განცხადება გააცნო და კომენტარი სთხოვა.

ვალტერი ბოტასი: “სეზონი ჯერ ზედმეტად ახალი დაწყებულია საიმისოდ, რომ ასეთ დასკვნებს ვაკეთებდეთ. არავის დაავიწყდეს, რომ ეს ფორმულა 1-ია. არასდროს იცი, რა მოხდება. თუმცა ამ ეტაპზე ვაღიარებ: ორ სხვადასხვანაირ ტრეკზე ჩვენი წარმატება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ისე ჩანს, ამ სეზონში ჩემპიონობისთვის უკვე მხოლოდ მე და ლუისი ვიბრძვით.”

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები