Thumbnail
  • ქართველის ახალი კლუბი პირველ ოფიციალურ თამაშს 23 სექტემბერს გამართავს
  • თორნიკე შენგელიას საკუთარი ოსტატობის გამოვლენა ნურსულთანში მოუწევს

ცნობილი გახდა თარიღი და ადგილი, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.

ეს ვი-თი-ბი ლიგის ეგიდით შედგება, რომელშიც 13 კლუბი ჩაებმება, რუსული გრანდი კი სასტარტო შეხვედრას 23 სექტემბერს ყაზახეთში გამართავს. ცსკა ნურსულთანში მდებარე ველოდრომ “სარიარკაზე” მასპინძელ ასტანას გაეჯიბრება, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე ერთ-ერთი არარუსული გუნდია.

ასტანელთა გარდა, ესეთები ზელენა გურა (პოლონეთი), კალევი (ესტონეთი) და ცმოკი-მინსკი (ბელარუსი) არიან, 9 კლუბი კი რუსეთს წარმოადგენს: ავტოდორი, ენისეი, ზენიტი, ლოკომოტივ-ყუბანი, ნიჟნი ნოვგოროდი, პარმა, უნიკსი, ხიმკი და ცსკა.

თორნიკე შენგელიას ცსკა სეზონს ნურსულთანის ველოდრომზე გახსნის

საინტერესოა, რომ ყაზახეთში გასვლის შემდეგ, შენგელიას ახალ კლუბს ზედიზედ 6 საშინაო მატჩი ელის: პარმასთან, ლოკომოტივ-ყუბანთან, ავტოდორთან, ზენიტთან, ნიჟნი ნოვგოროდთანა და ენისეისთან.

ვი-თი-ბი ლიგაში რეგულარული პირველობა 20 სექტემბრიდან 25 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება. 13 კლუბი ორ წრედ ითამაშებს, 8 საუკეთესო კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი-ოფის სისტემით განაგრძობს.

ცხადია, რომ მომავალ სეზონში, ცსკა-ს თამაში ევროლიგაშიც მოუწევს, სადაც მატჩების სტარტი პირველ ოქტომბერში იგეგმება. მოსკოველთა ახალი ფორმაციის გუნდში დიდი როლი დაეკისრება შენგელიას, რომელმაც ბასკონიას მაისურით ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები