Thumbnail
  • ქართველი ცენტრი ბოლო დღეებია სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს
  • ინდიანა პირველ საკონტროლო მატჩს 23 ივლისს პორტლენდთან ჩაატარებს

ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს, რომელსაც დღეს 21 წელი შეუსრულდა, მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, NBA-ს სეზონის რესტარტამდე დაგეგმილ საკონტროლო მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

როგორც ირკვევა, 20 წლის ქართველი კალათბურთელი ბოლო კვირაა სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უკანასკნელ ვარჯიშებში მონაწილეობა ვერ მიიღო ლიტველმა ლეგიონერმა დომანტას საბონისმა და ტრავმირებულია კიდევ ერთი ფორვარდი ჯაკარ სიმპსონიც, რაც ინდიანას წინა ხაზში ბევრ პრობლემას შექმნის.

პეისერსის მთავარი მწვრთნელის ნეიტ მაკმილანის თქმით, ტრავმები მსუბუქი ხასიათისაა და აღნიშნული სამეულის მოედანზე დაბრუნებას მალევე ელიან, თუმცა, გუნდი რისკზე წასვლას არ აპირებს. ინდიანელთა თავკაცისვე თქმით, ის საკონტროლო მატჩებში ყველა კალათბურთელის დატვირთვას გეგმავს, ამდენად, თუკი გოგამ მომჯობინება მოახერხა, ეს, მისთვისაც თავის გამოჩენის კარგი შანსი იქნება.

ბითაძის გარდა, ტრავმა აწუხებს ლიტველ ლეგიონერ დომანტას საბონისსაც

შეგახსენებთ, რომ ინდიანელები სეზონის განახლებამდე სამ საგამოფენო შეხვედრას ჩაატარებენ: პორტლენდთან (23 ივლისს), დალასთანა (27 ივლისს) და სან ანტონიოსთან (29 ივლისს), რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას კი, პეისერსი 2 აგვისტოს დილას ფილადელფიასთან გამართავს.

NBA-ს გუნდების საწვრთნელი კემპი 29 ივლისს სრულდება, 30 ივლისიდან 14 აგვისტომდე რეგულარული სეზონის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, 17 აგვისტოს კი პლეი-ოფი აიღებს სტარტს. რესტარტში 22 გუნდი ჩაებმება, ხოლო ფინალური სერია 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები