Thumbnail

ტოჩინოშინის პირველი მარცხი - ქართველი სუმოისტი ბრაზილიელ მეტოქეს ვერ გაუმკლავდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 32 წლის ლევან გორგაძემ ამჯერად იორიკირით წააგო
  • მას ივლისის ბაშოზე თანაბარი ბალანსი გააჩნია

ტოკიოში დაწყებულ ივლისის ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. შეგახსენებთ, რომ მან შეჯიბრი გამარჯვებით გახსნა, დღეს კი, დოჰიო დამარცხებულმა დატოვა.

ქართველი სეკიტორი, რომელიც საზაფხულო სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ამჯერად ბრაზილიელ კაისეის (აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა) გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. ლევანმა თითქოს სამხრეთამერიკელის მავაშის ხელში მოგდება მოახერხა, თუმცა, კაისეიმ ის ტავარასთან მიიმწყვდია და ჩვენებურმა წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

ივლისის ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელთანაც ჩვენებურს დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ლევანი იაპონელ ექს-სეკივაკეს 25-ჯერ შეხვედრია და მინიმალური უარყოფითი ბალანსი (12 მოგება, 13 მარცხი) აქვს. მიმდინარე სუპერტურნირზე მიოგირიუს 2 გამარჯვება აქვს.

ვთქვათ ისიც, რომ ივლისის ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა 34 წლის იოკოძუნა კაკურიუ. როგორც მონღოლი სუმოისტის ოიაკატა მიტინოკუმ განაცხადა, მისმა შეგირდმა ტურნირამდე ერთ-ერთ ვარჯიშზე იდაყვი დაიზიანა, ტრავმა კი, შეჯიბრის სასტარტო დღეს გაირთულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ კაკურიუ აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ენდოსთან კოშიკუდაკეთი დამარცხდა, დღეს კი, კომუსუბი დაიეიშოს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები