Thumbnail
  • უნგრეთის გრანპრი ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დასრულდა
  • საუკეთესოდ ფერსტაპენი აღიარეს, რომელსაც თავს დიდი ამბები გადახდა

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში მერსედესის დომინაცია გრძელდება. ამ საჯინიბოს წარმომადგენლებმა ზედიზედ მე-3 რბოლა მოიგეს, მიჯრით მე-2 შემთხვევაში კი, გამარჯვება ლუის ჰემილტონს დარჩა.

ბრიტანელმა პილოტმა ჰუნგარორინგის ტრასზე 70 წრე პირველმა დასძლია და რედ ბულის წარმომადგენელ მაქს ფერსტაპენს 8,702 წამით აჯობა, მე-3 კი მერსედესის კიდევ ერთი წევრი ვალტერი ბოტასი (+9,452) იყო.

საინტერესოა, რომ უნგრეთის გრანპრის საუკეთესო მრბოლად არა გამარჯვებული, არამედ ფერსტაპენი აირჩიეს და იმ ამბების გათვალისწინებით, რაც ჰუნგარორინგზე დატრიალდა, ეს, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

მაქსის ზედ სტარტის წინ გასახურებელ წრეზე ბავშვური შეცდომა მოუვიდა, ტრასიდან გადავიდა სარეკლამო ბანერებს შეეჯახა. რედ ბულის მექანიკოსებს დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად 18 წუთი ჰქონდათ და დიდი შანსი იყო, რბოლას რედ ბულის ლიდერის გარეშე ჩაევლო.

ფერსტაპენმა მანქანა გასახურებელ წრეზე დაამტვრია

საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. მანქანა მწყობრში მაშინ მოიყვანეს, როდესაც რემონტისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე მხოლოდ 35 წამი რჩებოდა. ფერსტაპენმა სტარტზე მისთვის კუთვნილი მე-7 პოზიცია დაიკავა, უკვე პირველ მოსახვევში მე-4 ადგილით შევიდა, მალევე მესამეზე გადავიდა, 2 წრის თავზე კი ხელთ ლიდერობა იგდო.

როგორც აღვნიშნეთ, საბოლოოდ, ჰოლანდიელმა პილოტმა მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა კი, ბოლო წრეზე ბოტასის გაშმაგებული შეტევების მოგერიება მოუხდა. ფინელმა მრბოლმა ახალ საბურავებზე მეტოქის დაწევა მოახერხა, თუმცა, გასასწრებად დრო აღარ ეყო.

“ცხადია, ნამდვილად არ მინდოდა, ეს გრანპრი ჩემთვის ასე დაწყებულიყო, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ დამცავ ჯებირებს შევასკდი. ჩვენმა მექანიკოსებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. არც კი ვიცი, როგორ მოახერხეს, თუმცა, მადლობა იმით გადავუხადე, რომ მე-2 ადგილზე გავედი. ის, რომ ორ მერსედესს შორის მოვხვდი, დიდი წარმატებაა. ჩემი აზრით, ამ ტრასაზე მე-2 პოზიცია გამარჯვების ტოლფასია”, - განაცხადა ფერსტაპენმა.

თუკი ისევ ჰემილტონს დავუბრუნდებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მან ჰუნგარორინგზე უკვე მერვედ იმარჯვა და ერთ ტრასაზე გამარჯვებების რაოდენობით მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა. ლეგენდარულ გერმანელს 8-ჯერ ფრანგული მანი-კურის ეტაპი აქვს მოგებული. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ჩემპიონი ჩინებულ ხასიათზე იყო.

“მართალი გითხრათ, ეს, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტრასაა. თითქმის სულ ეულად მივდიოდი, თუმცა, ესეც გარკვეული გამოწვევა იყო. ჩინებული ტემპი ვაჩვენეთ, რაც გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები მქონდა, თუმცა, ბოლო 2 რბოლაა ყველაფერი ფანტასტიურადაა. ნამდვილად კარგი უიქენდი გვქონდა და ასე უნდა გავაგრძელოთ”.

ამ წარმატების წყალობით, ლუისმა თავი 63 ქულას მოუყარა და მიმდინარე სეზონის საერთო ჩათვლაში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა. მას კვალში ბოტასი (58) და ფერსტაპენი (33) უდგანან. ფორმულა 1-ის მომდევნო რბოლა დიდ ბრიტანეთში, სილვერსტოუნზე, 2 აგვისტოს შედგება.

📺 ვიდეო: რბოლის მიმოხილვა

საერთო ჩათვლა - ტოპ 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 63

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 58 ქულა

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 33

4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 26

5. ალექსანდერ ალბონი (რედ ბული) - 22

6. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 22

7. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 18

8. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 18

9. კარლოს საინსი (მაკლარენი) - 14

10. სებასტიან ფეტელი (ალფატაური) - 9

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

კონსტრუქტორთა თასი - ტოპ 5

1. მერსედესი - 121

2. რედ ბული - 55

3. მაკლარენი - 40

4. რეისინგ პოინტი - 40

5. ფერარი - 27

კომენტარები

ბოლო ამბები