Thumbnail

ტოჩინოშინმა მოგებით დაიწყო - გაგამარუს ვერც ივლისის ტურნირზე ვიხილავთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ტოკიოს სუპერტურნირი შიმანოუმისთან გამარჯვებით გახსნა
  • თეიმურაზ ჯუღელს ტრავმა აწუხებს და კარიერის დასრულებას აპირებს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მოგებით გახსნა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაწყებული პირველი ბაშო, რომელსაც ნაგოიას ნაცვლად, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ტოჩინოშინი ივლისის სუპერტურნირს დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და რეიტინგში წინსვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიცდის, თუკი დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) დააფიქსირებს.

აღნიშნულისკენ პირველი ნაბიჯი ლევანმა დღეს გადადგა, როდესაც კარიერაში პირველად აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის გაეჯიბრა და მეტოქე იორიკირით დაამარცხა. ორთაბრძოლა ქართველი სუმოისტის უპირატესობით დაიწყო და მას მეტოქის დოჰიოს მიღმა გაყვანის შანსი მალევე ჰქონდა, იაპონელმა წონასწორობა შეინარჩუნა, თუმცა, როდესაც გორგაძემ მისი მავაშის ორივე ხელით დაჭერა შესძლოა, ცხადი გახდა, რომ შიმანოუმის ვეღარაფერი იხსნიდა.

ტოკიოს ბაშოს მე-2 დღეს აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელთანაც ქართველ მებრძოლს დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნია. ტოჩინოშინი ბრაზილიელ სეკიტორს 19-ჯერ შეხვედრია და 12 ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

სამწუხაროდ, მიმდინარე ბაშოზეც ვერ ვიხილავთ გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც უკვე გამოტოვა გასული ნოემბრის, იანვრისა და მარტის სუპერტურნირები და როგორც სჩანს, მძიმე ტრავმის გამო, კარიერის დასრულების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ამჟამად რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეში 28-ე ნომერია.

კომენტარები

ბოლო ამბები