Thumbnail

ოქრო ქართველთან დამარცხებულ რუსს - უნიკალური შემთხვევა ჭიდაობაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლონდონის ოლიმპიადაზე მოძმანაშვილთან დამარცხებულ მახოვს ოქრო მიანიჭეს
  • ირანის ფედერაცია სოკ-ისგან მედლის გადაცემას ახლაც ითხოვს

ჭიდაობის ოლიმპიურ ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ჩემპიონის წოდება ერთდროულად ორ მოჭიდავეს მიენიჭა...

მოძმანაშვილმა ნახევარფინალში მეტოქეს 1:0, 1:1 მოუგო

2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში (120 კგ) ჩემპიონად ჯერ ირანიელი ქომეილ ღასემი გამოცხადდა, შემდეგ რუსი (ყაბარდოელი) ბილიალ მახოვი. არადა, ლონდონში ორივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

საქმე ისაა, რომ მოგვიანებით ჩატარებულმა დოპინგ ტესტებმა ჯერ ჩემპიონის, უზბეკი არტურ ტაიმაზოვის დისკვალიფიკაცია გამოიწვია, შემდეგ ფინალისტის - დავით მოძმანაშვილის. ღასემიმ ლონდონში მხოლოდ ტაიმაზოვთან წააგო, ხოლო მახოვმა - მოძმანაშვილთან. 2019 წელს სოკ-მა ღასემი აღიარა ოლიმპიურ ჩემპიონად (ირანული მხარე ახლაც ითხოვს მედლის გადაცემას ღასემისთვის), მახოვს კი ვერცხლის მედალი მიენიჭა. ახლახან რუსიც ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდა. 

ბრინჯაოსთვის ბრძოლებში დამარცხებულებს, ამერიკელ ტერველ დლაგნევსა და ყაზახ დაულეთ შაბანბაის ბრინჯაოს მედლები მიენიჭა. ამ ისტორიაში კიდევ ერთი დეტალია უცნაური - დოპინგზე მახოვიც ჩავარდა - 2020 წლის თებერვალში, მაგრამ ეს 8 წლის წინანდელთან კავშირში არაა. ასე რომ, სოკ-მა დოპინგზე ჩავარდნილი მოჭიდავე ოლიმპიურ ჩემპიონად დაამტკიცა. სხვათა შორის, 32 წლის მახოვი ამჟამად UFC-ში გამოდის. 

როგორც ვთქვით, ორი ოქრო ჭიდაობის ოლიმპიურ ისტორიაში პირველად მიანიჭეს. არადა, სპორტის ეს სახეობა ყველა თანამედროვე ოლიმპიადაზე იყო წარმოდგენილი, 1900 წლის ოლიმპიური თამაშების გარდა. 

თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როცა ოქრო არცერთს მიანიჭეს - Olympedia.org-ის ინფორმაციით, 1912 წელს შვედეთმა ანდერს აჰგრენმა და ფინელმა ივარ ბოჰლინგმა ჯამში 9 სააათი გამარჯვებულის გამოუვლენად იჭიდავეს. ორივეს წაგება ჩაეთვალა და ვერცხლის მედლები მიენიჭა.   

მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანია. 2017 წლიდან ის უზბეკეთის სახელით ჭიდაობდა და აზიის ჩემპიონატი მოიგო. 2019 წლის იანვარში ლონდონის სინჯების ხელმეორედ შემოწმებისას, მას ანაბოლური სტეროიდი აღმოუჩინეს და ოლიმპიური ვერცხლი ჩამოართვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები