Thumbnail

ტოკიოს ბაშოზე ტოჩინოშინის სასტარტო მეტოქეების ვინაობა გაირკვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მოახლოებული სუპერტურნირი 19 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტომდე გასტანს
  • გაგამარუ ძალებს რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეში მოსინჯავს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ პანდემიის შემდეგ ტოკიოში დაგეგმილი პირველი ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა.

მის თანახმად, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში რიცხული ერთადერთი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველ ორთაბრძოლას იაპონელ შიმანოუმისთან ჩაატარებს. ორივე ამ სეკიტორს მე-11 მაეგაშირას წოდება გააჩნია. შეჯიბრების მე-2 დღეს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა, ბრაზილიელ კაისეის შეერკინება.

ცნობისთვის, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაგეგმილ სუპერტურნირში იოკოძუნათაგან ჰაკუჰო და კაკურიუ ჩაებმებიან, დოჰიოზე ვიხილავთ ოძეკებს – ტაკაკეიშოსა და ასანოიამას, სეკივაკეებს – შოდაისა და მიტაკეუმის და კომუსუბებს – დაიეიშოსა და ოკინოუმის.

შეგახსენებთ, რომ რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეში მოუწევს ასპარეზობა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. მას 28-ე განთესვა აქვს და ტოკიოში მხოლოდ 7 ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მასზე მაყურებლების გარკვეული რაოდენობაც მოხვდება. წინასწარი ინფორმაციით, დარბაზში დაახლოებით 2 500 ადამიანს შეუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები