Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 6 წლის გმირს - მას სახეზე 90 ნაკერი დაადეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ვიფიქრე, რომ სჯობდა, ეს მე ვყოფილიყავი'
  • ამერიკელმა ბიჭუნამ საოცარი მამაცობა გამოიჩინა და საყოველთაო ყურადღება მიიპყრო

მსოფლიო კრივის საბჭომ (WBC) საპატიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა 6 წლის ამერიკელ ბიჭუნა ბრიჯერ უოკერს, რომელმაც თავისი პატარა და ძაღლის თავდასხმისგან დაიცვა. აღსანიშნავია, რომ თავად ბრიჯერი ძაღლის შეტევას ვერ გადაურჩა და სახეზე 90-ზე ნაკერი დაადეს, ეს კი, WBC-ში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

“ჩვენ საპატიო ჩემპიონის ტიტულით ვაჯილდოვებთ 6 წლის ბრიჯერ უოკერს, რომელმაც დიდი მამაცობა გამოიჩინა და საუკეთესო ადამიანური თვისებები წარმოაჩინა. ბრიჯერ, შენ გმირი ხარ!”, - წერია WBC-ს მიერ გავრცელებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ძაღლთან ორთაბრძოლის მერე გადაღებულმა ბრიჯერისა და მისი დის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და მალევე 200 ათასამდე მოწონება და 11 ათასამდე კომენტარი ჰქონდა.

“თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ვიფიქრე, რომ სჯობდა, ეს მე ვყოფილიყავი”, - ეს განცხადება თავად პატარა გმირს ეკუთვნის, საზოგადოებას კი, ბიჭუნას დეიდა ნიკიმ გაანდო.

იმ ადამიანთა შორის, ვინც ბრიჯერ უოკერს მამაცური საქციელი მოუწონა, WBC-ს ვერსიით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ბრიტანელი ტაისონ ფიურიც გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები