Thumbnail

ვინ ვის უკბენს? - მაიკ ტაისონი ზვიგენს შეერკინება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლეგენდარული მოკრივე 'დისქავერის' ტელეშოუში 'ზვიგენების კვირა' ჩაერთვება
  • მაიკ ტაისონმა კრივში დაბრუნების შესახებ სურვილი მაისის დასაწყისში გამოთქვა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მაიკ ტაისონი დიდ კრივში დასაბრუნებლად მზადებას განაგრძობს, თუმცა, სანამ რინგზე გავიდოდეს, მორიგ უცნაურ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავს. ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ თანხმობა განაცხადა ჩაერთოს “დისქავერის” ცნობილ ტელეშოუში სახელწოდებით “ზვიგენების კვირა”.

როგორც Mirror-ი იუწყება, ტაისონი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მტაცებელს – თეთრ ზვიგენს შეერკინება, თუმცა, როგორ წარიმართება ეს ორთაბრძოლა, ჯერჯერობით, დეტალები არ ხმაურდება. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სანახაობა 9 აგვისტოს შედგება, რის თაობაზეც ტელეშოუს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ვიგებთ.

ცნობები იმის შესახებ, რომ ტაისონი რინგზე დაბრუნებას აპირებდა, მაისის დასაწყისში გაჩნდა. მაიკმა ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა, სადაც ამის შესახებ ისაუბრა. ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. “რკინის მაიკი” რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როდესაც ზედიზედ შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები