Thumbnail
  • ზინედინ ზიდანს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა და ახალი გუნდი ააშენა
  • მთავარი ცვლილება პრესინგი და დაცვაში თამაშის გაუმჯობესება იყო
  • კრიშტიანოს წასვლის შემდეგ, წლევანდელი რეალი სხვანაირად უტევს
  • ამ გუნდს სამი შეუცვლელი მოთამაშე ჰყავს

თუკი სეზონის სტარტზე ვინმე გეტყოდათ, რომ რეალის მთავარი შენაძენი ედენ აზარი მხოლოდ 15 თამაშში მიიღებდა მონაწილეობას, თუკი ვინმე იმასაც დაამატებდა, რომ სეზონის მიწურულს მადრიდელთა მეორე საუკეთესო ბომბარდირი სერხიო რამოსი იქნებოდა და ხამესი და ბეილი ისევ და ისევ ვერ იპოვიდნენ თავის თავს, რისი მოლოდინი შეიძლება გქონოდათ?! ყველაზე მეტი, ალბათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის. ამის მიუხედავად, რეალმა ჩემპიონობა შეძლო და ეს პირველ რიგში ზინედინ ზიდანის დამსახურებაა!

ყველაფერი ზიზუს წინააღმდეგ

სათაურში ისიც არის ნათქვამი, რომ ეს ჩემპიონობა ზიზუს ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევაა. ძალიან რთულია ამის თქმა იმიტომ, რომ ზიდანის ანგარიშზე სამი მოგებული ჩემპიონთა ლიგაა. თუმცა ერთია ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე აიყვანო (თუნდაც სამჯერ) ჩემპიონი გუნდი, რომელშიც ფორმის პიკზე მყოფი კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოსი და ტონი კროოსი გყავს და მეორეა, ჩაიბარო თაობათა ცვლის პროცესში გაჭედილი დეზორიენტირებული კლუბი, რომელიც ჯერ ისევ შოკშია თავისი უპირველესი ვარსკვლავის წასვლის გამო.

ზიდანი გასულ წელს რეალში მოულოდნელად დაბრუნდა

წინა ფორმაციის რეალისთვის ზიდანს ფეხბურთის თამაში არ უსწავლებია. ამ გუნდს ყველაფერი (მათ შორის ჩემპიონთა ლიგა) უკვე მოგებული ჰქონდა, გააჩნდა დაყენებული თამაში, ზუსტი სტრატეგია და სტაბილური შემადგენლობა, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის არ იცვლებოდა. ზიზუ ამ გუნდს უბრალოდ ეხმარებოდა, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინა. ეს მას კარგად გამოუვიდა.

წაიკითხეზიდანის ფეხბურთი - როგორ შექმნა წაუგებელი რეალი

თუმცა როდესაც იგი მადრიდში მეორედ მიბრუნდა, თითქმის ყველა სპეციალისტი სირთულეებს უწინასწარმეტყველებდა. სულ სხვაა თაობათა ცვლის პროცესი, ვეტერანი გუნდის დაშლა, ახალგაზრდების და ახალწვეულების გუნდში ინტეგრაცია, თამაშის ახლიდან დაყენება. აღმოჩნდა, რომ ზიდანს ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეუძლია. ამ სეზონში მან აბსოლუტურად ახალი სამწვრთნელო თვისებები აჩვენა.

დიმიტარ ბერბატოვი: ‘ზიდანს ძეგლი უნდა დაუდგან იმისთვის, რაც მან ამ სეზონში გააკეთა.’

ეს კიდევ უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რეალს არცთუ ისე ხშირად უმართლებდა. ედენ აზარმა პერმამენტული ტრავმების გამო მხოლოდ 15 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლს დასჯერდა და საერთო ჯამში 200 დღე გამოტოვა.

ზიდანი: ‘აზარმა რომ ითამაშოს, კარგ ფორმაში უნდა იყოს. თუმცა ის საუკეთესო ფორმაში იშვიათად არის.’

მარკო ასენსიომ, როტაციისთვის მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა, სეზონის დაწყებამდე უმძიმესი ტრავმა მიიღო და მხოლოდ ბოლო თამაშებში დაბრუნდა. ახალწვეულმა ლუკა იოვიჩმა და მილიტაომ მადრიდში თავისი თავი ვერ იპოვეს. ხამესი და ბეილი კი ზიდანისთვის უფრო მეტად პრობლემად იქცნენ, ვიდრე გუნდს დაეხმარნენ. ბეილმა ჯამში 1260 წუთი ითამაშა, ხამესმა კი - მხოლოდ 700. ახალი გუნდის შენების დროს ზიზუს გზავნილი ნათელი იყო: თამაშობს ის, ვინც მოტივირებულია და მოედანზე ბოლომდე დახარჯვა შეუძლია. უელსელი და კოლუმბიელი ამ კრიტერიუმს ნაკლებად აკმაყოფილებდნენ.

ზიდანი ხამესზე: ‘ის არენდიდან იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ დაბრუნება უნდოდა, არამედ სხვაგან გამგზავრება აღარ უნდოდა.’

როგორ თამაშობს ‘ახალი’ რეალი?

პრაგმატიზმი ზინედინ ზიდანის საფირმო ნიშანია. მის სამწვრთნელო ფილოსოფიაზე უფრო მეტი გავლენა იუვენტუსში გატარებულ წლებს და იტალიურ სკოლას ჰქონდა, ვიდრე მისი კარიერის მადრიდულ, ე.წ. 'გალაქტიკოსების' მონაკვეთს.

მადრიდში მუშაობის პირველი პერიოდის დროს ზიზუს მთავარ გადაწყვეტილებად ძირითადში კაზემიროს გამოჩენა იქცა. ბრაზილიელი შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სწორედ იგი უზრუნველყოფდა ბალანსს (განსაკუთრებით დაცვით ფაზაში) და აზღვევდა მადრიდელთა ნახევარდაცვის უფრო შემოქმედებით ნაწილს (ისკო, მოდრიჩი, კროოსი). ზიდანის მეორე პერიოდში მან დაახლოებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადში მორბენალი, ათლეტური და აგრესიული ფედერიკო ვალვერდე გამოჩნდა. მოედნის ცენტრში ერთდროულად კაზემიროსა და ვალვერდეს ერთად ყოფნა იმის გარანტია, რომ რეალი პრესინგს ძალიან კარგად ითამაშებს. ზიზუს მეორე პერიოდის რეალის მთავარი სახასიათო ნიშანი აქტიური და აგრესიული პრესინგია.

შედეგად, სტაბილური ადგილი ძირითადში დაკარგეს უფრო შემქმნელმა ლუკა მოდრიჩმა და ისკომ. ზიზუ ყველაზე ხშირად 4-3-3 სქემას მიმართავს ხოლმე (ან ანაცვლებს მას 4-4-1-1-ით) და ვალვერდე-კაზემიროს გვერდით მხოლოდ ერთი შემოქმედი ნახევარმცველის ადგილი რჩება. ამ ადგილს ყველაზე ხშირად ტონი კროოსი იკავებს.

შედეგად, რეალს თამაშში 1.82 გოლი გაჰქონდა, რაც ლა ლიგის სტანდარტით ჩემპიონისთვის არცთუ ისე კარგი შედეგია, თუმცა უკეთესი, ვიდრე წინა წელს (1.65). სამაგიეროდ, აგრესიულმა პრესინგმა ზიდანის გუნდს საშუალება მისცა, თამაში გადაეტანა უფრო მეტად მეტოქის ნახევარზე და მოედნის ცენტრში. ამან კი მნიშვნელოვნად შეამცირა გაშვებული გოლების რაოდენობა. რეალი თამაშში მხოლოდ 0.61 გოლს უშვებს (შარშან ორჯერ მეტს, თამაშში 1.21 გოლს უშვებდა), რაც წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია. მადრიდელებმა ნოლზე 18 შეხვედრა ჩაატარეს და მათი საყვარელი ანგარიში 1:0 იყო (6-ჯერ დაფიქსირდა).

შედეგად მივიღეთ ის, რომ წინა სეზონთან შედარებით, რეალის დაცვა ნომინალურად საერთოდ არ შეცვლილა, თუმცა პრესინგმა (ანუ მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანამ) ის განაპირობა, რომ ზიდანის გუნდი დაცვაში საუკეთესოა. რესტარტის შემდეგ 9-თამაშიან მონაკვეთში რეალს სულ რაღაც 3 გოლი ჰქონდა გაშვებული.

შენიშვნა: სტატისტიკა ეყრდნობა 35 ტურის შედეგებს.

წაიკითხე როგორ მოუგო ზიდანის რეალმა სეტიენის ბარსელონას - 5 ძირითადი ფაქტორი

ყველაზე შთამბეჭდავად რეალი დიდ თამაშებში გამოიყურებოდა. ბარსელონას (0:0 და 2:0) და ატლეტიკოს (0:0 და 1:0) წინააღმდეგ ზიზუს გუნდმა 4 თამაშში არცერთი გოლი არ გაუშვა და ტაქტიკურად უფრო გამართულ გუნდად გამოიყურებოდა კატალონელთა წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში.

როტაცია

პრესინგის თამაშს ბევრი ენერგია და შესაბამისად გრძელი როტაცია სჭირდება. ზიდანმა ამ კომპონენტში ძალიან შთამბეჭდავად იმუშავა. ზიზუმ 26 მოთამაშე გამოყენა, საიდანაც 23-მა შედეგიანი ქმედება განახორციელა. ერთდროულად 17-მა მოთამაშემ 15 და მეტი შეხვედრა ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალს ძალიან გრძელი როტაცია ჰქონდა. აქცენტების გადანაწილებამ მხოლოდ გაამარტივა გუნდში ახალწვეულებისა და ახალგაზრდების ინტეგრაცია. მენდი და მარსელო სათამაშო წუთებს თითქმის თანაბრად იყოფდნენ (ფრანგმა 1626 წუთი ითამაშა, ბრაზილიელმა 1299). უფრო შემტევ ფორმაციაში მარსელო თამაშობდა, უფრო დაცვით ტაქტიკაში კი - მენდი.

ახალგაზრდა განაპირა შემტევებმა ვინისიუსმა და როდრიგომ სტაბილური სათამაშო დრო მიიღეს და ეს იმის ფონზე, რომ თუკი, რომელიმეს თამაში არ მისდიოდა, ან ფორმაში არ იყო, ზიდანს უპრობლემოდ შეეძლო მათი სკამზე დასმა. მათი ინტეგრაცია ზედმეტი სტრესის და ზეწოლის გარეშე გამოვიდა. ზიზუმ არც ვეტერანი მოდრიჩი და ფორმაში არმყოფი ისკო ჩამოწერა და მათაც სტაბილური დრო მისცა.

ძალიან სწორი როტაციის ფონზე არცთუ ისე დიდი რესურსების მიუხედავად რეალი მუდამ ახერხებდა მოედანზე კონკურენტული გუნდი ჰყოლოდა, რომელიც ზიდანის ფეხბურთს ითამაშებდა.

კრიშტიანოს ვაკუუმი

როცა ისეთი ბომბარდირი მიდის, როგორც კრიშტიანო რონალდოა, ეს ნებისმიერი გუნდისთვის შოკია. კრიშტიანო სეზონში გარანტირებულ 40-50 გოლს ნიშნავდა და ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. რეალს კრიშტიანოს პირდაპირ შეცვლა არც უცდია. ეს ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა.

შედეგიანობამ იკლო: მხოლოდ ორ მოთამაშეს, ქარიმ ბენზემას და სერხიო რამოსს აქვთ 5 და მეტი გოლი გატანილი, რაც გრანდისთვის ძალიან უცნაური შედეგია. მათ შემდეგ მესამე-მეოთხე ადგილებს ტონი კროოსი და კაზემირო იყოფენ 4-4 გოლით.

სერხიო რამოსმა ამ სეზონში 10 გოლი შეაგდო

თუმცა ზიდანმა შეტევაში აქცენტები იმგვარად გადაანაწილა, რომ საგოლე პოზიციაზე ნებისმიერი მოთამაშე შეიძლება გავიდეს. შედეგად, რეალს ერთდროულად 21 ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც გოლი აქვს შეგდებული. შედარებისთვის ბარსას, რომელმაც 14 გოლით მეტი გაიტანა - 17 ასეთი ფეხბურთელი ჰყავს.

პრესინგი იმ ტიპის გუნდს, როგორიც რეალია, საშუალებას აძლევს, რომ მომენტები არამხოლოდ საკუთარი თამაშის, არამედ მეტოქის შეცდომების და დაკარგული ბურთების წყალობითაც შექმნას. სწორედ ამიტომ ამტკიცებს იურგენ კლოპი, რომ გეგენპრესინგს უფრო მეტი მომენტის შექმნა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ გამთამაშებელს. როცა მეტოქეს მის ნახევარზე ართმევ ბურთს, მომენტის შექმნა ბევრად იოლია.

ამას დაუმატეთ სტანდარტებიდან გატანილი 19 გოლი (გოლების საერთო რაოდენობის 28 პროცენტი, ანუ თითქმის მესამედი).

ამ ტიპის თამაშს თავისი მინუსებიც აქვს. გადატვირთული გრაფიკის ფონზე არის ხოლმე შეხვედრები, როცა გუნდს ენერგია არ ყოფნის, კლასზე გატანა კი არ გამოდის. ბარსას შეუძლია მესის, ან სუარესის ინდივიდუალური ოსტატობის ფონზე თავისზე სუსტ გუნდებს მაშინაც კი მოუგოს, როცა თამაში არ გამოსდის. რეალს გოლი გატანისთვის ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდება.

სწორედ ამიტომ იყო მოულოდნელი წაგებებიც აუტსაიდერებთან, როცა მადრიდელებს გოლის გატანა არ გამოსდიოდათ (მაგ: მალიორკასთან 0:1 და ლევანტესთან 0:1). ამ სეზონში 35 თამაშში რეალმა 6-ჯერ ვერ გაიტანა (წინა სეზონში ასეთი 9 თამაში იყო), რაც გრანდისთვის ცოტა არ არის.

კრიშტიანოს წასვლის შემდეგ შეიცვალა აქცენტები შეტევაშიც. წლების მანძილზე საგოლე გადაცემების და შექმნილი მომენტების რაოდენობით განაპირა მცველები, მარსელო და დანი კარვახალი ლიდერობდნენ. ეს ბუნებრივია, რადგან კრიშტიანოს ძალიან უყვარს, როცა ფლანგური გადაცემებით და ჩაწოდებებით ამარაგებენ. რეალიც შეტევას ფლანგებიდან აგებდა. ბენზემა სხვა ტიპის ფორვარდია, მას ურჩევნია, ბურთი ფეხში მიცენ.

ბენზემას საფირმო ნომერია, როდესაც ის ფლანგზე გადმოდის, ან მოედნის ცენტრში ამოდის და სივრცეს ნახევარმცველებისთვის ათავისუფლებს. ამ ტიპის ფორვარდს მოედნის ცენტრიდან გაკეთებული გადაცემები სჭირდება. შედეგად, წლევანდელ რეალში საგოლე პასებს და მომენტებს მოედნის ცენტრის მოთამაშეები ქმნიდნენ. საუკეთესო თავად ბენზემა იყო 9 საგოლე პასით, ლუკა მოდრიჩს 6 ასისტი ჰქონდა, ტონი კროოსს და ფედე ვალვერდეს - 5-5.

სამი შეუცვლელი კაცი

როტაციის მიუხედავად, რეალს ამ სეზონში სამი მოთამაშე ჰყავდა, რომლებმაც ჩემპიონობაში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს. მეკარესთან ერთად სწორედ ამ სამეულმა გაატარა მოედანზე ყველაზე მეტი დრო.

ქარიმ ბენზემამ 3004 წუთი ითამაშა, 19 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, 9 საგოლე პასით საუკეთესო ასისტენტი, ყველაზე ხშირად ქმნის მომენტებს და ურტყამს კარში. ამასთან ეთად, ბენზემა ძალიან სასარგებლოა გუნდური მოძრაობის დროს და აძლევს დანარჩენ შემტევებს თამაშის სივრცეს და საშუალებას. რეალის შეტევაში ფრანგი გადამწყვეტი კაცი იყო. მისი შემცვლელი ზიზუს, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

2940 ითამაშა კაზემირომ, რომელიც ასევე შეუცვლელი იყო, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ერთვებოდა შეტევაში და თავის პოზიციაზე სამართლიანი პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

სერხიო რამოსი რეალის სახე და სიმბოლოა. უკვე ბევრი წელია, რეალს მისი ყველაზე მეტად ეიმედება. რამოსმა არამხოლოდ 2888 წუთი ითამაშა და ძალიან გაუვალი დაცვის ლიდერი იყო, არამედ 10 გატანილი გოლით ბენზემას შემდეგ გუნდის მეორე ბომბარდირია.

წლევანდელი რეალი ბევრს არ უყვარს. ეს ბუნებრივია. ეს არც ყველაზე სანახაობრივი და არც ყველაზე ვარსკვლავური გუნდია. თუმცა, მწვრთნელის ამოცანა არსებული რესურსების და შესაძლებლობების ფონზე მაქსიმალური შედეგის დადებააა, რაც ზიდანმა ძალიან კარგად მოახერხა. ბარსელონას პრობლემები და რამდენიმე თამაშში მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება, მის მიერ გაწეულ სამუშაოს ჩრდილს ვერ აყენებს. მთავარი ის არის, რომ რეალი ჩემპიონია. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ზიდანის გუნდი მომდევნო სეზონში გარანტირებულად კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები