Thumbnail
  • ექსკლუზიური ინტერვიუ რევაზ არველაძესთან.
  • საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩების შეფასება.
  • არველაძეების ფონდის საქმიანობა და გეგმები.

რევაზ არველაძეს ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მისი მოსაზრებები კი ყოველთვის საინტერესოა. ჩვენთან საუბარში ვეტერანმა ფეხბურთელმა და არველაძეების ფონდის დამფუძნებელმა საქართველოს ნაკრების ბოლო ორი ამხანაგური მატჩი შეაფასა, შემდეგ კი ერთი საინტერესო ინფორმაცია გვამცნო: შოთა არველაძეს უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ. თვითონ რევაზიც უზბეკეთშია, დანარჩენს კი ინტერვიუდან შეიტყობთ...

POPSPORT: პირველ რიგში, გვაინტერესებს თუ როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას...

არველაძე: შედეგებით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთი უნდა იყოს: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მოვხვდებით კონტინენტის პირველობაზე, ერთა ლიგიდან თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან. თუ გუნდი ასე სტაბილურად განვითარდა და გააგრძელა პროგრესი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამოცანა შესრულებადია. სხვა შედეგი პირადად ჩემთვის მიუღებელი იქნება, რადგან ერთა ლიგის D დივიზიონში ძნელად მოიძებნება ესტონეთზე ძლიერი ნაკრები. 

POPSPORT: რამდენად სწორად შეირჩა მეტოქეები ამხანაგური მატჩებისთვის?

არველაძე: როგორც მგონია, ბალტიისპირეთის გუნდები შეირჩა იმ მიზეზით, რომ ერთა ლიგის ჯგუფში მეტოქედ ლატვია გვყავს. ანდორას მსგავს გუნდად დიდი ალბათობით ლუქსემბურგი და მალტაა მიჩნეული, რომლებსაც ზაფხულში ვეთამაშებით. რაც შეეხება ყაზახეთს, შესაძლოა რომ კიდევ დაიგეგმოს ამხანაგური მატჩი და ამჯერად, ყაზახეთის მსგავს გუნდს ვეთამაშოთ.ამხანაგურ მატჩებზე პასუხისმგებელი ნაკრების მწვრთნელია.

POPSPORT: ეროვნულ ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ. ვის გამოარჩევთ და ვის შეიძლება დაეყრდნოს მომავალში ვლადიმირ ვაისი?

რევაზ არველაძე

არველაძე: დარწმუნებული ვარ რომ ყველას ძალიან მოეწონა გიორგი ჩაკვეტაძე. ის ფეხბურთელები, რომლებზეც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აქცენტი გაკეთდა, ამართლებენ გაცემულ ავანსებს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. 

POPSPORT: უზბეკეთში საქმიანი ვიზიტი გაქვთ თუ უბრალოდ ძმები მოინახულეთ?

არველაძე: ყველაფერი ერთად. რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, რომლებშიც შოთი და აჩიც მიიღებენ მონაწილეობას. უფრო მეტი კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

POPSPORT: შოთა არველაძე უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა საბჭოში დაინიშნა. არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მომავალში უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს?

არველაძე: შოთის აქვს წინადადება, რომ უზბეკეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ მას აჩქარება არ სჩვევია და ამიტომ, ჯერ ფიქრობს. ყველაფერი ასაწონ-დასაწონია და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. შემიძლია გითხრათ, რომ უზბეკეთის ნაკრების განვლილ ორ ამხანაგურ შეხვედრაში (სენეგალთან 1:1 და მაროკოსთან 0:2) შოთი გუნდთან ერთად არ ყოფილა. 

POPSPORT: არველაძეების ფონდი აქტიურ საქმიანობას ეწევა. თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რა პროექტები მიმდინარეობს და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

არველაძე: ფონდისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია. ეს ის დროა, როდესაც გუნდებს ვურიგებთ ინვენტარს, ახალ ფორმებს, ბურთებს. ვგეგმავთ ტურნირებს, გამარჯვებული გუნდები კი გვსურს რომ საერთაშორისო ტურნირებზე გავამგზავროთ. გვაქვს შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სოციალურ პროექტებში.

კომენტარები

ბოლო ამბები