Thumbnail
  • 'რატომ არ საუბრობთ იგივეზე ლამპარდთან, კლოპთანა და გვარდიოლასთან?'
  • ტოტენჰემის თავკაცს პრესკონფერენციაზე დასმული კითხვა არ მოეწონა

ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთან პოლემიკაში შევიდა და მას კითხვები დაუწუნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტოტენჰემმა სტუმრად ნიუკასლს 3:1 სძლია, მოურინიომ კი შეხვედრის 57-ე წუთზე თამაშში სტივენ ბერგვინი ჩართო, რომელმაც მალევე საგოლე პასი გააკეთა. ჟურნალისტი სწორედ იმით დაინტერესდა, რატომ ვერ მოხვდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში. აი, გაბრაზებული ჟოზეს პასუხიც:

“მისმინეთ, თქვენ ისეთ კითხვებს მისვამთ, რომლებითაც მაგალითად ლამპარდს, კლოპსა და გვარდიოლას არ მიმართავთ ანუ იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ასევე ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ. როდესაც ლამპარდი პულიშიჩს ათამაშებს, რატომ არ ეკითხებით ჰადსონ-ოდოის რატომ არ აყენებს? როდესაც გვარდიოლა ბერნარდო სილვას ტოვებს, არც ამაზე გაქვთ რეაქცია. ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ მე ერთადერთი ვარ, ვინც სასტარტო შემადგენლობაში 15 ფეხბურთელი უნდა დააყენოს. ნუთუ არ მაქვს იმის უფლება, რომ რომელიმე კარგი მოთამაშე თადარიგში დავტოვო? ახლაც ბერგვინი რომ გამომეშვა, იგივე კითხვას ლუკას მოურაზე ან სონზე დამისვამდით. თუკი ტოტენჰემს საუკეთესოთა შორის ყოფნა სურს, მხოლოდ 11 კარგი ფეხბურთელი არ უნდა გვყავდეს. გაცილებით მეტი ასეთი მოთამაშე გვჭირდება და შესაბამისად, ზოგს სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც მოუწევს”.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემს 36 ტურში 55 ქულა აქვს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შესვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს. ლონდონელები მომდევნო მატჩს 19 ივლისს, შინ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ლესტერთან (59 ქულა) ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები