Thumbnail

‘რა თქმა უნდა, ვიქნები’ - კიკე სეტიენი ბარსელონადან წასვლას გამორიცხავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კიკე სეტიენისთვის მომავლის შესახებ კითხვა უადგილოა
  • ბარსელონას მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ პოსტზე დატოვებენ

კიკე სეტიენს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მომდევნო სეზონშიც ბარსელონას მთავარი მწვრთნელი იქნება. 

“საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონშიც ბარსას მწვრთნელად ვხედავ,” - განაცხადა 61 წლის სპეციალისტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სეტიენმა კატალონიური გრანდი იანვარში ჩაიბარა და კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ბოლო დროს მუდმივად აკრიტიკებენ. მიზეზი ის არის, რომ სეზონის რესტარტის შემდეგ ბარსელონამ მადრიდის რეალთან უპირატესობა ქარს გაატანა და ესპანეთის ჩემპიონობა თითქმის დაკარგული აქვს. ზინედინ ზიდანის გუნდს ჩემპიონობის განაღდება უკვე ხუთშაბათს, ვილიარეალთან 37-ე ტურის მატჩის მოგებით შეუძლია.

“რა თქმა უნდა, ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის. ყოველთვის ყველაფერს მწვრთნელს აბრალებენ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელმა ასე ცუდად იმუშავა,” - დასძინა სეტიენმა.

სეზონის განახლების შემდეგ ბარსელონამ 9 მატჩიდან 6 მოიგო და 3 ფრე ითამაშა. რეალმა კი ყველა, ცხრავე თამაშის მოგება შეძლო, 27 ქულა აიღო და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ბარსელონას 4 ქულით უსწრებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები