Thumbnail

'ამას არც ოპერატორი ელოდა, არც უელსის დაცვა' - ინგლისში ქინქლაძის გოლი გაიხსენეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Football 365-მა, რუბრიკაში 'დაუფასებელი საოცარი გოლები" გიორგი ქინქლაძის სუპერგოლი წარმოადგინა, რომელიც ქართველმა ათიანმა 1995 წელს უელსის ნაკრებს გაუტანა. 25 წლის წინათ, კარდიფში გიორგიმ მეკარე ნევილ საუთჰოლს შორი მანძილიდან ბურთი თავზე გადაუგდო და საქართველოს ნაკრებს 1:0 მოაგებინა...

"ძალიან რთულია, ამოარჩიო ქინქლაძის საოცრად კარგ გოლებს შორის საუკეთესო. 90-იანი წლების შუაში მან ინგლისურ ფეხბურთს დაანახა, რას ნიშნავს ბურთის კონტროლი. ის მცველებს შორის ცეკვით იკვლევდა გზას და თითქოს ბურთს ეფერებაო, ისე გაჰქონდა გოლები მეტოქეთა კარში", - წერს Football 365.

თუმცა მანჩესტერ სიტის 7-იანის საუკეთესო გოლზე ბევრი უკვე შეთანხმდა - 1996 წელს მან ენითაუწერელი სილამაზის გოლი გაუტანა საუთჰემპტონის გოლკიპერ დეივ ბიზანტს. ასევე დიდებული იყო გოლი, რომელიც მან მანამდე მიდლსბროს კარში გაიტანა.

"მაგრამ, რომ არა 1995 წლის საოცარი გოლი უელსის ნაკრების კარში, შესაძლოა, არ ყოფილიყო ეს და სხვა გოლები "მეინ როუდზე. გადმოცემის მიხედვით, სიტის მფლობელი ფრენსის ლი პირველად მაშინ დაინტერესდა ქინქლაძით, როცა საქართველოსა და უელსის ნაკრების მატჩის (5:0) მომენტები აჩვენეს. ეს იყო 1994 წლის შემოდგომით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველომ გაანადგურა უელსი. მის რიგებში შოთა არველაძე და თემურ ქეცბაიაც თამაშობდნენ. 

საბოლოოდ კი ქინქის 5-მილიონიანი ტრანსფერი სიტიში კარდიფის "არმზ პარკზე" გადაწყდა, სადაც გიორგიმ ნევილ საუთჰოლს ბურთი თავზე გადაუგდო. უელსში რევანშს ელოდნენ, რაც არ მოხდა. მეტიც, ქინქიმ 73-ე წუთზე მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა და უელსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ოცნება მოუკლა".

📺 გიორგი ქინქლაძის გოლი უელსის ნაკრების კარში

გიორგიმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, კახი გოგიჩაიშვილთან გაითამაშა და უელსის კარისკენ დაიძრა, საჯარიმომდე მან შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული და მას ბურთი თავზე გადაუგდო.

"ბევრი იტყვის, რომ უელსის ნაკრების დაცვას უფრო მჭიდროდ უნდა ეთამაშა ქინქლაძის წინააღმდეგ. მაგრამ, როცა შენ წინ ასეთი ტალანტია, სჯობს ართმევაზე კარის სიახლოვეს ითამაშო, იქნებ, დაღლილ შემტევს შეცდომა მოუვიდეს. ქინქიმ ყველაფერი ისე შეასრულა, რომ ვერც ოპერატორი მიხვდა, რა მოხდებოდა და, რა თქმა უნდა, ვერც უელსის ნაკრების არიერგარდი", - წერს გამოცემა. 

“All the runs that Kinky makes are winding. And all the goals that City score are blinding.” - წლები გავიდა, მაგრამ სიტის ფანები ჯერ კიდევ მღერიან "ოაზისის" სიმღერის ამ ვერსიას ტრიბუნებზე. სწორედ ასეთი გოლების გატანის უნარია ამაში "დამნაშავე". 

ეს საინტერესოა'ქინქის შემდეგ დავიდ სილვა' - DOVES-ის ვოკალისტი ქინქლაძის ფანია

შეგახსენებთ, რომ ევრო 1996 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრები 1995 წლის 7 ივნისს ეწვია კარდიფს და მეტოქე 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. საქართველოს და უელსის ნაკრებები ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი სამი თამაში საქართველომ მოიგო, შემდეგ იყო ფრე უელსში და მხოლოდ 2017 წლის ოქტომბერში უელსის ნაკრებმა პირველად შეძლო საქართველოს ნაკრების დამარცხება - თბილისში 1:0 მოიგო.  

კომენტარები

ბოლო ამბები