Thumbnail

ბასილაშვილი კორტს ვაშინგტონში უბრუნდება - პირველი ტურნირი პანდემიის მერე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Citi Open 2020-ის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარია და მასში 48 ჩოგბურთელი ჩაებმება
  • ვაშინგტონის ტურნირზე ATP-ს რეიტინგის მოწინავე ათეულის სამ წევრსაც ვიხილავთ

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარი), რომელიც პანდემიით გამოწვეული დიდი პაუზის (ოფიციალური მატჩები მარტის მერე არ ჩატარებულა) შემდეგ, ATP-ს მიერ ორგანიზებული პირველი შეჯიბრი იქნება.

28 წლის ბასილაშვილი, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია, წინასწარ განაცხადში მოხვდა და თუკი არაფერი შეიცვალა, აშშ-ს დედაქალაქში დაგეგმილ ტურნირზე ვიხილავთ.

Citi Open 2020 14-21 აგვისტოს ჩატარდება და მასში მონაწილოებას 48 ჩოგბურთელი მიიღებს. 38 მოთამაშე, მათ შორის ბასილაშვილი, ძირითად ბადეში იქნება, 4-ს “უაილდ ქარდს” მისცემენ, კიდევ 6 ჩოგბურთელის ვინაობას კი საკვალიფიკაციო მატჩები გამოავლენს.

ვაშინგტონის ტურნირზე კლასიფიკაციის მოწინავე ათეულიდან დანიილ მედვედევი (რუსეთი, მე-5), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი, მე-6) და ბელგიელი დავიდ გოფინი (ბელგია, მე-10) ითამაშებენ, იქვე ვიხილავთ რობერტო ბაუტისტა აგუტს (ესპანეთი), დიეგო შვარცმანს (არგენტინა), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი), დენის შაპოვალოვს (კანადა), ფელიქს ოჟიე-ალიასიმს (კანადა) ჯონ ისნერსა (აშშ) და სხვებს.

ბასილაშვილს Citi Open-ზე შარშან არ უთამაშია, ჩემპიონი კი ავსტრალიელი ნიკ კირიოსი გახდა, რომელმაც ფინალში ხსენებული მედვედევი 7:6 (8:6), 7:6 (7:4) დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები