Thumbnail

‘ეს გუნდი 2001 წლის ბაიერნს მაგონებს’ - ჰიტცფელდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლეგენდარულ მწვრთნელ ოტმარ ჰიტცფელდს მიაჩნია, რომ მიუნხენის ბაიერნს წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. მეტიც: 71 წლის ჰიტცფელდი ფიქრობს, რომ ბავარიული გრანდი ლიგის მთავარი ფავორიტია.

2001 წელი: ოტმარ ჰიტცფელდი ჩემპიონთა ლიგის თასით

გერმანელი სპეციალისტი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული (დორტმუნდით და ბაიერნით), რეკორდმაისტერის 2001 წლის ტრიუმფთან ავლებს პარალელს, როცა მიუნხენელებმა ფინალში ვალენსია პენალტების სერიაში დაამარცხეს. მაშინ ბაიერნის დამრიგებელი სწორედ ჰიტცფელდი გახლდათ.

“იმ სეზონში ჩვენთვის გადამწყვეტი მეოთხედფინალი გამოდგა. 2001 წელს ჩვენ ძალიან მაგარი მანჩესტერ იუნაიტედი გავაგდეთ და ამ გამარჯვების შემდეგ გუნდში საოცარმა ატმოსფერომ, უდიდესმა საბრძოლო განწყობამ დაისადგურა. მიმაჩნია, რომ ამ სეზონშიც იგივე ხდება. ბაიერნი ძალიან, არნახულად ძლიერია არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ მენტალურადაც,” - განუცხადა მსოფლიოს ორგზის საუკეთესო მწვრთნელმა Sport Bild-ს.

ჰიტცფელდის შემდეგ ბაიერნს ჩემპიონთა ლიგა იუპ ჰაინკესმა მოაგებინა. ახლა ბაიერნის მწვრთნელი ჰანსი ფლიკია

ბაიერნს ჯერ კიდევ მერვედფინალის საპასუხო მატჩი აქვს ჩასატარებელი, მაგრამ ცალი ფეხით მეოთხედფინალშია, რადგან ლონდონის ჩელსის სტუმრად 3:0 მოუგო. მეოთხედფინალში კი რეკორდმაისტერის სავარაუდო მეტოქე ბარსელონაა, რომელმაც მერვედფინალის პირველ მატჩში ნაპოლისთან სტუმრად 1:1 ითამაშა.

“ბარსელონა დიდი გუნდია, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ბარსას დამარცხება, პირველ რიგში ბაიერნს. თანაც, ბარსელონა არცისე კარგ ფორმაშია. გრიზმანი და სუარესი ვერ შეთამაშდნენ. მიუხედავად ამისა, ბარსასთან გამარჯვება ურთულესი ამოცანაა.” - დასძინა ჰიტცფელდმა.

ჩემპიონთა ლიგა: ⅛ ფინალის დარჩენილი მატჩები

7 აგვისტო: მანჩესტერ სიტი V რეალ მადრიდი (პირველი მატჩი: 2:1)
7 აგვისტო: იუვენტუსი V ლიონი (პირველი მატჩი: 0:1)
8 აგვისტო: ბაიერნი V ჩელსი (პირველი მატჩი: 3:0)
8 აგვისტო: ბარსელონა V ნაპოლი (პირველი მატჩი: 1:1)

კომენტარები

ბოლო ამბები