Thumbnail

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპსა და ჟოზე მოურინიოს უპასუხა, რომელთაც სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მანჩესტერ სიტის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას უარყოფითი შეფასება მისცეს.

“თუკი მათ ჩემთან საუბარი სურთ, აქ ვარ. გადაწყვეტილებაში, რომელიც სამმა დამოუკიდებელმა მოსამართლემ გამოიტანა, სადავო არაფერია. თუკი კლოპსა და მოურინოს მაინც რამე აქვთ სათქმელი, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან, დამირეკონ და ყველაფერს ავუხსნი. მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, სასაუბროც ბევრი არაფერია, რადგანაც ვერდიქტი უკვე გამოტანილია. ყველა მოსაზრება, რომ სიტი რაიმეს მალავდა ან იტყუებოდა, მცდარი აღმოჩნდა. ჩვენ სუფთები ვართ”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლო უეფას გადაწყვეტილება მანჩესტერ სიტის ევროთასებიდან 2-წლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გააუქმა. გარდა ამისა, 30 მილიონი ევროს ჯარიმა 10 მილიონ ევრომდე შეუმცირა.

ლივერპულისა და ტოტენჰემის მწვრთნელების კომენტარები სწორედ ამას მოჰყვა.

“ეს დღე ფეხბურთისთვის კარგი ნამდვილი არ იყო. თუკი უმდიდრესი კლუბები და ქვეყნები იმას გააკეთებენ, რაც მოესურვებათ, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება”, - აღნიშნა კლოპმა.

კიდევ უფრო ხისტი იყო მოურინიო: “ფინანსური ფეირ პლეი მოკვდა. უკეთესი იქნება, უბრალოდ ცირკის კარი გავაღოთ, ასე, ყველა მაინც გავერთობით”.

კომენტარები

ბოლო ამბები