Thumbnail

იკერისა და რაულის შემდეგ - ვინისიუს ჟუნიორის მიღწევა სამეფო კლუბში

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ვინისიუს ჟუნიორი რეალში 2018 წელს გადავიდა
  • ის ზიდანის მოსვლის მერე იგი უფრო მეტს თამაშობს

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალმა 2018 წელს ფლამენგოდან 40 მილიონი ევროს (პლიუს ბონუსები) სანაცვლოდ დაიმატა. "სამეფო კლუბი" ახალგაზრდა ფეხბურთელში გადახდილი დიდი რაოდენობის თანხის გამო ბევრმა გააკრიტიკა...

ბრაზილიელ მოთამაშეს პირველ გუნდში დებიუტი 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა და მას შემდეგ ესპანური კლუბის მაისური 67-ჯერ მოირგო. ვინისიუსი 20 წლის 12 ივლისს გახდა. შესაბამისად მან ყველა შეხვედრა თინეიჯერობის ასაკში ჩაატარა (13 ივლისს, გრანადას წინააღმდეგ იგი სათადარიგო იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია). ეს მესამე საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში.

ბრაზილიელ ფეხბურთელს რეალში 20 წლამდე ჩატარებული მატჩების რაოდენობით მადრიდული კლუბის ორი ლეგენდა, იკერ კასილიასი და რაულ გონსალესი უსწრებენ. რაული ოცის 1997 წლის 27 ივნისს გახდა. ამ დროისთვის მას რეალში უკვე 129 მატჩი ჰქონდა ნათამაშები, 58 გოლი გატანილი და 2 ლა ლიგა მოგებული.

იკერ კასილიასმა "სამეფო გუნდში" 20 წლამდე 95 შეხვედრა ჩაატარა. ესპანელ მეკარეს ამ დროისთვის მოგებული ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა და გამოძახებული იყო ეროვნულ ნაკრებში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

თუ გავითვალისწინებთ ესპანეთის ჩემპიონატში არსებულ სიტუაციას რეალურია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგა ამ კვირაში მოიგოს.

შემტევი ახლოს იყო პირველ სანაკრებო ტიტულთანაც. 2019 წლის კოპა ამერიკაზე იგი ბრაზილიის შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო ვინისიუსმა ტურნირზე, სადაც ბრაზილიამ ჩემპიონობა იზეიმა, გამგზავრება ვერ შეძლო. დაზიანების გამო მან გარკვეული პერიოდი გამოტოვა რეალშიც, აქიდან გამომდინარე, რომ არა ტრავმა შესაძლოა ვინისიუს ჟუნიორს მადრიდული კლუბისთვის 67 შეხვედრაზე მეტი ეთამაშა.

ზინედინ ზიდანის გუნდში მეორედ მოსვლის შემდეგ სამხრეთ ამერიკელი უფრო მეტს თამაშობს. ფრანგი სპეციალისტი ვინისიუს ენდობა და განვითარების საშუალებას აძლევს. ბრაზილიელი ნელ-ნელა ყალიბდება ზიდანის რეალის ძირითადის მოთამაშედ.

კომენტარები

ბოლო ამბები