Thumbnail
  • დისკვალიფიკაციის გაუქმების შემდეგ სიტი ტრანსფერებზე მუშაობას იწყებს
  • ხოსეპ გვარდიოლას სიაში პირველ ადგილზე ბაიერნის ფეხბურთელია

ხოსეპ გვარდიოლამ ორშაბათს შვებით ამოისუნთქა: სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მანჩესტერ სიტის დისკვალიფიკაცია მოუხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პეპის გუნდს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მიეცა. შესაბამისად, სიტის შეუძლია, თამამად განახორციელოს ტრანსფერები და გადაიბიროს სასურველი ფეხბურთელები.

სასჯელის მოხსნიდან უკვე მეორე დღეს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ გვარდიოლას სასურველი ფეხბურთელების სიაში რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელია, მაგრამ მათ შორის პირველ ადგილზეა მიუნხენის ბაიერნის ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა. ამის შესახებ ინფორმაციას სოლიდური ინგლისური გამოცემა ‘გარდიანი’ ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ სიტიმ გვარდიოლას ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 166 მილიონი ევრო) გამოუყო.

‘გარდიანი’ წერს, რომ პეპისთვის პრიორიტეტული მარცხენა მცველის, ცენტრალური მცველის და თავდამსხმელის შეძენაა. ალაბა საუკეთესო გამოსავალია, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და დაცვის ცენტრშიც. შესაბამისად, გარდიანი წერს, რომ ალაბა, რომელსაც პეპი ბაიერნში წვრთნიდა, გვარდიოლას მთავარი სამიზნეა.

პეპი ალაბას ბაიერნში წვრთნიდა

აქვე გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ალაბას ბაიერნთან კონტრაქტი გაისად, 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება. მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებმა ავსტრიელს უკვე შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, მაგრამ ალაბა ყოყმანობს. თუ იგი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ წასვლა სურს და ბაიერნიც იძულებული გახდება, ახლავე გაყიდოს - თანაც, არცთუ მაღალ ფასად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ალაბა გაისად ბაიერნს უფასოდ დატოვებს. გარდა ამისა, დავიდ ალაბას მიმართ ინტერესს ბარსელონა და მადრიდის რეალიც იჩენენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, ბაიერნს ავსტრიელთან კონტრაქტის გაგრძელების შანსი აქვს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ალაბა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები