Thumbnail

რუბინის შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გამოცემა Championat-ისთვის ყოველი ტურის შემდეგ სიმბოლურს ცნობილი რუსი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ასახელებს, რომელმაც რჩეულებში ქართველი ლეგიონერიც დაასახელა. გაზაევის აზრით, კვარაცხელია ყაზანელთა მთავარი ფიგურა იყო მოსკოვის ცსკა-სთან თამაშში (1:1) და ქულაც მისი დამსახურებით მოიპოვა.

„კვარაცხელია რუბინის მთავარი მოთამაშე იყო ცსკა-ს წინააღმდეგ. მუდმივად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, აკეთებდა ჭკვიანურ გადაცემებს და ატყუებდა მეტოქეებს. სწორედ ხვიჩამ გამოიმუშავა დრიბლინგით პენალტი, რომლის წყალობითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს".

სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა მოსკოვის სპარტაკის ქართული წარმოშობის მცველი გიორგი ჯიქია. ნიშანდობლივია, რომ გაზაევმა 11-ეულში ცსკა-ს მარჯვენა მცველი მარიო ფერნანდეშიც შეიყვანა, რომელსაც სწორედ ხვიჩას პირისპირ უწევდა თამაში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. 19 წლის ქართველს ყაზანური გუნდის რიგებში 25 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

📺 ვიდეო: კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი ცსკა-სთან

კომენტარები

ბოლო ამბები