Thumbnail

ტიტულები და რეკორდები - რონალდომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდო იუვენტუსიდან წასვლას არ აპირებს
  • პორტუგალიელს ოქროს ბუცის მოსაგებად 7 გოლი სჭირდება

კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ბოლო პერიოდში მედიაში არაერთხელ გავრცელდა.

ტურინელთა ბანაკთან ყველაზე ახლოს მყოფი გაზეთი 'ტუტოსპორტი' დღევანდელ ნომერში წერს, რომ პორტუგალიელს იუვეში თავის მომავალთან დაკავშირებით ეჭვი არ ეპარება - რჩება, ტიტულებსა და პირად რეკორდებს უმიზნებს.

ამ ეტაპზე რონალდოს პირველი საზრუნავი მიმდინარე სეზონში 'სკუდეტოს' და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ხოლო პირადი კუთხით, სერია A-ს ბომბარდირის ტიტული და თან ისე, რომ წლის ბოლოს ოქროს ბუციც მიიღოს.

კრიშტიანოს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 გოლი აქვს გატანილი

რონალდოს ამ დროისთვის 28 გოლი აქვს იტალიის ჩემპიონატში გატანილი და ჩირო იმობილეს ერთადერთი გოლით ჩამორჩება. ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს - რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელმა ბუნდესლიგა 34 გოლით დაასრულა.

იტალიაში სეზონის ფინიშამდე 6 ტურია დარჩენილი და კრიშტიანოს ნამდვილად აქვს შანსი, რომ დასახული მიზანი შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი 1 დეკემბრის შემდეგ სერია A-ში მოედნიდან ისე არ გადის, გოლი ან საგოლე პასი რომ არ ჩაიწეროს აქტივში. ხსენებულ მონაკვეთში 35 წლის ფეხბურთელმა 18 თამაშში 22 გოლი და 4 ასისტი დააგროვა, უგოლოდ მოედანი მხოლოდ ინტერის წინააღმდეგ დატოვა (თუმცა საგოლე პასი გააკეთა).

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში 2018 წლის 10 ივლისს გადავიდა. ტურინელებთან მისი კონტრაქტი ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები