Thumbnail
  • ლივერპულთან ერთად იურგენ კლოპი დიდ წარმატებებს აღწევს
  • მაგრამ გერმანელი უკვე ინგლისური თავგადასავლის დასასრულზე ფიქრობს

ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს უკვე აქვს კონკრეტული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როდის უნდა დასრულდეს მისი ინგლისური თავგადასავალი და როგორ უნდა გაგრძელდეს მისი კარიერა ლივერპულის შემდეგ.

53 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, რომლის ხელშიც მერსისაიდელებმა შარშან ჩემპიონთა ლიგა, წელს კი პრემიერლიგა მოიგეს, SWR Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, სამშობლოში დაბრუნდება: “ჩემი კარიერის შემდეგ 100 პროცენტით დავბრუნდები, მაგრამ დიდი ალბათობით მანამდეც. ისე, დიდი შანსია, რომ საცხოვრებლად მაინცში დაბრუნდე, რადგან ეს ჩემი ქალაქია,” - განაცხადა იურგენმა კლოპმა, რომელიც მაინცში 1990-დან 2008 წლამდე ჯერ ფეხბურთელი, მერე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

'5 წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და სამყარო სულ სხვანაირი გახდეს'

კლოპმა აღნიშნა, რომ ლივერპულის დამრიგებლის თანამდებობაზე მუშაობას კიდევ 4 წლის განმავლობაში გეგმავს - სწორედ 4 წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის მიხედვითაც. “თუ შემდეგ ერთმანეთს დავშორდებით, რაც რეალურია, რადგან ლივერპულში 9 წელი გამომივა, ალბათ 1 წლის მანძილზე დავისვენებ.” - დასძინა მან.

კლოპს მერსისაიდელებთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს

გერმანიაში ყველა იმაზე საუბრობს, რომ გერმანიის ნაკრები იოახიმ ლიოვის შემდეგ კლოპმა უნდა ჩაიბაროს. თავად იურგენი ამ თემაზე ღიად არ საუბრობს: “არავინ იცის, რა იქნება 5 წლის შემდეგ. იქნებ ისევ კლუბში ვიმუშავო, ან ნაკრებში, ან არსად. 5 წელიწადში ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და სამყარო სულ სხვანაირი გახდეს.” 

კლოპმა 2019 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებზე ჯერ არ ფიქრობს, მაგრამ თუ ოდესმე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, რა თქმა უნდა, იფიქრებს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდის დამრიგებელ იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები