Thumbnail
  • მილანის ინტერის პრობლემები აქვს - შესაძლოა კონტე წავიდეს
  • დარჩენისთვის იგი კანტეს, ვიდალს და ემერსონს ითხოვს
  • მის სავარაუდო შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის ასახელებენ

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ინტერი არადამაჯერებლად გამოიყურება. მილანელები უკვე უშანსოდ არიან საჩემპიონო რბოლაში და ამ მომენტისთვის სულაც მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს.

კლუბში განხორციელებული სოლიდური ინვესტიციების შემდეგ, ინტერის მენეჯმენტი უკეთეს შედეგს ელოდა. იტალიის ყველაზე პოპულარული გამოცემის, 'გაძეტა დელო სპორტის' ინფორმაციით, კონტეს პოზიციები არცთუ ისე მყარია. მით უმეტეს, რომ თავად კონტეც შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა და ხელმძღვანელობისგან ახალ ფეხბურთელებს ითხოვს. იგი გუნდში დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი ინტერი ამ ზაფხულს სერიოზულად გაძლიერდება.

ინტერმა ამ სეზონში უკვე 20 ქულა დაკარგა იმ თამაშებში, რომლებსაც იგებდა. კონტე ამას გამოცდილების არქონას აბრალებს და სწორედ გამოცდილი მოთამაშეების დამატება სურს. მის სიაში არიან ნ'გოლო კანტე, ჩელსის ჩამშლელი, რომელიც ლემპარდის გუნდში მისვლის შემდეგ არცთუ ისე შეუცვლელია, ბარსას ჩილელი ვეტერანი არტურო ვიდალი და ასევე ჩელსის განაპირა მცველი ემერსონ პალმიერი.

სამივე ამ მოთამაშესთან კონტეს უკვე უმუშავია. თუმცა უცნობია, ცუდი შედეგების ფონზე რამდენად დათანხმდება ინტერის მენეჯმენტი მის მოთხოვნებს. შეგახსენებთ, წინა ორი კლუბიდან (იუვენტუსი, ჩელსი) წასვლის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ კონტე ახალ ფეხბურთელებს ითხოვდა და კლუბის ხელმძღვანელობა მის მოთხოვნებს არ დათანხმდა.

კანტე ლონდონში კონტეს საკვანძო ფეხბურთელი იყო

მილანში მისი მთავარი მოკავშირე გენერალური მენეჯერი ბეპე მაროტაა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაქსი ალეგრი უმუშევარია. ალეგრის მაროტასთან ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და შესაძლოა, კონტეს გაშვების გადაწყვეტილება ამის გამო უფრო იოლად მიიღონ.

'გაძეტას' ცნობით, ინტერის მენეჯმენტს არ მოსწონს, რომ მას შემდეგ, რაც მათ ბოლო 1 წელიწადში ყველა ის ახალი მოთამაშე შეიძინეს (ლუკაკუ, ალექსის სანჩესი, ერიკსენი, ეშლი იანგი, ვიქტორ მოსესი, ბარელა, სენსი), რომლებსაც კონტე ითხოვდა, შედეგი ისევ არჩანს, მწვრთნელი კი ახალ მოთხოვნებს აყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები