Thumbnail

ზეიმი მაშხალებით გემზე - როგორ აღნიშნა გვილიამ ჩემპიონობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა
  • მან სოციალურ ქსელში ქომაგებისადმი მიმართვაც გაავრცელა

ვაკო გვილიას ლეგიამ პოლონეთის ჩემპიონობა ორიგიანალურად აღნიშნა. ვარშავული კლუბის ფეხბურთელები მდინარე ვისლაზე გემზე შეიკრიბნენ და წარმატება იქ იზეიმეს, გუნდის ქომაგები კი სანაპიროზე იყვნენ შეკრებილნი და ბიჭებს იქიდან ულოცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლეგია პოლონეთის ჩემპიონი მე-14-ედ გახდა და ტიტულებით ვისლასა და ვაკოს ყოფილ გუნდ გურნიკს გაუთანაბრდა. 26 წლის გვილიას ფანტასტიკური სეზონი გამოუვიდა – მას ყველა შეჯიბრებაში 11 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს (კიდევ ორი თამაში რჩება). ექსტრაკლასაში ვაკოს 8 გოლი აქვს გატანილი, 2 თასზე, ერთიც ევროპალიგაზე.

ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა

შეგახსენებთ, რომ ვარშაველებმა ჩემპიონობა გუშინ კრაკოვიასთან მოგებით (2:0) გაინაღდეს, 1 გოლი კი სწორედ გვილიამ გაიტანა. ვაკომ წარმატება თანაგუნდელებთან ერთად ხმაურიანად აღნიშნა, მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც ლეგიას ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ჩემპიონები ვართ! ლეგიას ჩემპიონობა არის იმ დაუღალავი შრომის, თავგანწირვის და ერთად ყოფნის შედეგი, რომელსაც მთელი გუნდი უკანასკნელი წლის განმავლობაში ერთად ვასრულებდით. აღმავლობისა თუ დაღმავლობის დროს ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის ერთმანეთისთვის საბრძოლველად. ეს არის ჩვენი ღირებულება. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ხალხს, რომელიც ქმნის საოცარ ატმოსფეროს და არის ლეგიას მე-12 მოთამაშე. გილოცათ ყველას, ვისაც ეს წარმატება გაგიხარდათ, ეს მხოლოდ დასაწყისია!”.

კომენტარები

ბოლო ამბები