Thumbnail
  • გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა
  • ლა ლიგაში ბოლოს ქართველს 12 წლის წინ ჰქონდა ნათამაშები

ესპანეთის ლა ლიგაში ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა. ლევანტეს 21 წლის ლეგიონერმა ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში პირველად ბილბაოს წინააღმდეგ ითამაშა.

გიორგი 43-ნომრიანი მაისურით მოედანზე 89-ე წუთზე რუბენ როჩინას ნაცვლად გამოჩნდა და მსაჯის მიერ დამატებულ დროსაც თუ გავითვალისწინებთ, მინდორზე 5 წუთი გაატარა. ამ დროში ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის წინააღმდეგ ბასკები ორჯერ დაჯარიმდნენ.

ქოჩორაშვილი აქამდე ლევანტეს აკადემიაში ირიცხებოდა, მთავარი გუნდის განაცხადში კი ლა ლიგის მატჩებისთვის ამ მატჩამდეც არაერთხელ იყო შეყვანილი. ლევანტემ თამაში 1:2 წააგო და 43 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილამდე ბოლო ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა, შოთა არველაძე იყო. ის 2007/08 წლების სეზონში სწორედ ლევანტეს ღირსებას იცავდა. შოთა აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის ლევანტეში და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს".

კომენტარები

ბოლო ამბები