Thumbnail
  • ავსტრიის მეორე გრანპრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
  • ორივე ფერარი დასაწყისში გავარდა და ეს ლეკლერის ბრალი იყო

სეზონის მეორე გრანპრიც მერსედესის გამარჯვებით დასრულდა - ამჯერად მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონის გამარჯვებით, რომელმაც შპილბერგში მეორე რბოლა სოლიდური უპირატესობით წარმართა და ადვილად მოიგო. ჰემილტონისთვის ეს რიგით 85-ე მოგებული გრანპრია!

ჰემილტონი ამ სეზონში მე-7 ტიტულს და მიხაელ შუმახერის რეკორდს უმიზნებს

მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი, წინა რბოლის გამარჯვებული ვალტერი ბოტასი გავიდა, რომელმაც ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე შეძლო მაქს ფერსტაპენის (რედ ბული) გადასწრება. ნიდერლანდელმა, რომელსაც საბურავები აღარ უწყობდა ხელს, ერთ ეპიზოდში თავი გრანდიოზულად დაიცვა, თუმცა მეორე პოზიციის შენარჩუნება მაინც ვეღარ შეძლო. 

სეზონის მეორე რბოლის მთავარი ამბავი ფერარის სრული ფიასკოა. სებასტიან ფეტელისთვის და შარლ ლეკლერისთვის რბოლა სამი მოსახვევის შემდეგ დასრულდა. 

იმიტომ, რომ ფერარის პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ!

ფეტელმა მე-10 პოზიციიდან ცუდი სტარტი აიღო და ძალიან მალე ლეკლერის წინ აღმოჩნდა, რომელიც სტარტზე მე-14 გახლდათ. იმ დროს, როცა ფეტელმა კევინ მაგნუსენის გვერდით, მარჯვნივ Remus-მოსახვევში შეუხვია, იქვე იყო ლეკლერიც და ფერარის ბოლიდებს შორის კონტაქტმა ფეტელს უკანა ანტიფრთა დააკარგვინა. ფეტელმა ბოლიდი ბოქსებამდე თვითონ მიიყვანა და რბოლას გამოეთიშა. ცოტა ხანში, მას ლეკლერიც მიჰყვა - მისი ბოლიდიც ზედმეტად იყო დაზიანებული.

“სხვა ადგილი არ მქონდა, ვერსად წავიდოდი. სამი მანქანა მოსახვევში არ შედის, არ ვიცი, სად დაინახა იქ შარლმა თავისი ადგილი. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. სიამოვნებით ვირბოლებდი დღეს და გავიგებდი, რა შედეგი მოგვცა განახლებებმა და როგორც ფუნქციონირებს ბოლიდი,” - თქვა ფეტელმა და თანაგუნდელი გააკრიტიკა.

ლეკლერმა კი შეცდომა აღიარა: “ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. რისკზე უნდა წავსულიყავი, რათა კარგი შედეგი მეჩვენებინა, მაგრამ ამით თავს არ ვიმართლებ. ორივე გავარდით და ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ბრალია,” - აღნიშნა მან.

ვალტერი ბოტასმა საერთო ჩათვლაში ლიდერობა შეინარჩუნა. ფინელს 43 ქულა აქვს მხოლოდ 6 ქულით უსწრებს ჰემილტონს, რომელიც მეშვიდე ტიტულთან ერთად, მიხაელ შუმახერის რეკორდს უმიზნებს.

📺 ვიდეო: რბოლის მიმოხილვა

საერთო ჩათვლა - ტოპ 10

1. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 43 ქულა

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 37

3. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 26

4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 18

5. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 16

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 15

7. კარლოს საინსი (მაკლარენი) - 13

8. ალექსანდერ ალბონი (რედ ბული) - 12

9. პიერ გასლი (ალფატაური) - 6

10. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 6

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

კონსტრუქტორთა თასი - ტოპ 5

1. მერსედესი - 80

2. მაკლარენი - 39

3. რედ ბული - 27

4. რეისინგ პოინტი - 22

5. ფერარი - 19

კომენტარები

ბოლო ამბები