Thumbnail

ჩხუბი ლაციოს გასახდელში - რა მოხდა სასუოლოსთან მატჩის შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომის ლაციოს გასახდელში დაძაბულობაა
  • 'არწივები' სეზონის რესტარტს ცუდ ფორმაში შეხვდნენ

რომის ლაციომ სეზონის რესტარტის შემდეგ 6-დან 4 თამაში წააგო და მათ შორის, ბოლო 3 ზედიზედ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ „არწივების“ ბანაკში ყველაფერი რიგზე არაა და იტალიური მედიაც ამის შესახებ წერს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასუოლოსთან მარცხის შემდეგ, რომაელთა გასახდელში გუნდის მცველმა ფრანჩესკო აჩერბიმ და ექიმმა, ივო პულჩინიმ იჩხუბეს. დაძაბულობა „ლაციალეს“ ბოლოდროინდელ ჩავარდნას უკავშირდება და როგორც ირკვევა, ყველაფერი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, ტორინოსთან მატჩის წინა პერიოდში დაიწყო. სიტყვიერ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება ფიზმომზადების მწვრთნელ ფაბიო რიპერტისა და ერთ-ერთ ფიზიოთერაპევტ ჯორჯო გასპარინისაც ბრალდებათ.

თუმცა ლაციომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა უარყოფის ცნობა და გუნდის შიდა სამზარეულო დაპირისპირება არ დაადასტურა.

„პრესაში გავრცელებულ სიახლეებს სასუოლოსთან მატჩის შემდეგ უთანხმოების შესახებ, კლუბი კატეგორიულად უარყოფს და ხაზს უსვამს, რომ ეს სიახლე საფუძველს მოკლებულია,“ - განაცხადეს კლუბში.

ლაციომ ბოლო სამ მატჩში ქულაც ვერ მოიპოვა და ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგა

დაპირისპირების ინფორმაცია არ დაადასტურა არც ლაციოს ექიმმა ივო პულჩინმა, რომელიც თითქოს ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახლდათ:

„ყველაფერი ტყუილი და გამოგონილი ამბავია. აჩერბი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, ერთმანეთს ყოველთვის თბილად ვესაუბრებით. მე ვარ სპორტული ექიმი და არ ვამართლებ დამარცხების შემთხვევაში გასახდელში დაძაბულ ატმოსფეროს,“ - თქვა პულჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლაციო სეზონის შეწყვეტამდე სკუდეტოსთვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული და იუვენტუსს ერთადერთი ქულით ჩამორჩებოდა. თუმცა რესტარტის შემდეგ სიმონე ინძაგის გაწვრთნილმა გუნდმა პოზიცია დათმო და ახლა ლიდერთან 8-ქულიანი დაშორება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები