Thumbnail

ცუდი ამბავი ბარსელონიდან: გრიზმანის ტრავმა სერიოზულია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ანტუან გრიზმანმა ვალიადოლიდთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო
  • ფრანგი ამ სეზონში, დიდი ალბათობით, ვეღარ ითამაშებს

მსოფლიოს ჩემპიონი ანტუან გრიზმანი ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში დაშავდა და ბარსელონას დიდხანს დააკლდება. ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ფეხის კუნთი სერიოზულად დაიზიანა.

29 წლის გრიზმანს სამედიცინო შემოწმება კვირას, შუადღემდე ჩაუტარდა და ბარსელონამ მალევე გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ტრავმა საკმაოდ მძიმეა. ჯერ რთულია იმის თქმა, როდის დაბრუნდება ფრანგი მოედანზე - ეს სეზონი კი მისთვის, დიდი ალბათობით, დასრულებულია. ყოველ შემთხვევაში, ლა ლიგაში მაინც, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი ბარსა მიუნხენის ბაიერნს უნდა შეხვდეს და უცნობია, ითამაშებს თუ არა გრიზმანი.

გრიზმანი ვალიადოლიდთან პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს

შეგახსენებთ, რომ ვალიადოლიდთან მატჩში, რომელიც ბარსამ არტურო ვიდალის გოლით 1:0 მოიგო, გრიზმანი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს - მის ნაცვლად თამაშში ლუის სუარესი ჩაერთო. ვიდალმა გოლი ლიონელ მესის პასით გაიტანა - არგენტინელისთვის ეს სეზონში მე-20 ასისტია. ეს კი მესისთვის ახალ რეკორდს ნიშნავს: მას 20 პასი და 22 გოლი აქვს. ერთ სეზონში 20/20 აქამდე არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა დაფიქსირებული.

📺 ვიდეო: ვალიადოლიდი 0:1 ბარსელონა (მიმოხილვა)

ბარსელონა ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს და რეალს 1 ქულით ჩამორჩება. თუმცა, მადრიდელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. რეალის თავის შეხვედრას ორშაბათს, სტუმრად გრანადასთან გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები