Thumbnail

'მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს' - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველო ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ახლახან ესპანური ბასკონიადან მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 28 წლის კალათბურთელის მიმართვა იმ ადამიანებისადმია, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის არმიის სპორტულ კლუბში გადასვლის გამო, მას აკრიტიკებს.

"მოგესალმებით,

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება, პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა!

დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.

თოკო მოსკოვური გუნდის ღირსებას დაიცავს

რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე, როცა არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არცკი განიხილავს.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა, როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებიდან თვალდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი, რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ქართული დროშა ამეფრიალებინა!

ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით, მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

თორნიკე შენგელია ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა

და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენს გმირებს კარგავს. იმიტომ, რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერცერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის, თუ ვინ ვარ მე".

თორნიკე შენგელია ესპანურ ბასკონიაში 2014 წელს, NBA-ში, ბრუკლინსა და ჩიკაგოში გატარებული ორწლიანი პერიოდის შემდეგ გადავიდა. ვიტორიულ კლუბში გატარებულ მეექვსე წელს თოკომ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა ევროპლიგის მოქმედ ჩემპიონებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები