Thumbnail

'არაფერი, სიხარულისა და სიამაყის გარდა' - თორნიკე შენგელიას წერილი ბასკონიას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ახლახან ესპანური ბასკონიადან მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, ვიტორიულ კლუბს, ქალაქსა და გულშემატკივრებს ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა.

"არ ვიცი, საიდან დავიწყო. ალბათ რაც არ უნდა ვთქვა, ვერ შევძლებ გადმოვცე ის ყველაფერი, რასაც ამ კლუბის, ამ ქალაქისა და ამ ადამიანების მიმართ ვგრძნობ!

პირველივე დღიდანვე მიმიღეთ, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი. მე და ჩემმა ოჯახმა თავიდანვე შევიგრძენით სიყვარული, სითბო და პატივისცემა. მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რითაც თავი გაგვრძნობინეთ, როგორც საკუთარ სახლში.

ყველაფერი, რაც მსურდა, ეს იყო ის, რომ ვყოფილიყავი დიდი ისტორიის მქონე კლუბის ნაწილი და საპასუხოდ გამომეხატა იგივე სიყვარული, პატივისცემა და ემოციები მოედანზე.

თორნიკე შენგელია ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა

მსურს მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ გარეშე იმის ნახევარსაც ვერ მივაღწევდით, რასაც მივაღწიეთ.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელსა და მწვრთნელს, რომლებთანაც ეს 6 წელიწადი გავატარე. თქვენ ვიტორიაში ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყავით და სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში.

აქ მაქვს სახლი, სადაც ვუყვარვარ და იციან, რომ ჩემი სული და გული მათ მივუძღვენი 

გვქონდა ბედნიერება, მეგობრები კალათბურთის გარეთაც შეგვეძინა - ბრწყინვალე ადამიანები, რომლებიც ყველაფერში გვეხმარებოდნენ, რაც შეეძლოთ. დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის!

ყველა დაბრკოლებისა და უსიამოვნების მიუხედევად, რომელიც ერთად გამოვიარეთ, არაფერს ვგრძნობ სიხარულისა და სიამაყის გარდა. 

მივდივარ, მაგრამ გულდამშვიდებული გტოვებთ, რადგან ვიცი, რომ აქ მაქვს სახლი, სადაც ვუყვარვარ და იციან, რომ ჩემი სული და გული მათ მივუძღვენი.

მადლობა, ვიტორია! მადლობა, ბასკონია! მადლობა, ჩემებო!", - დაწერა შენგელიამ.

თოკო ბასკონიას კაპიტანი და ლიდერი დიდი ხნის განმავლობაში იყო

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ესპანურ ბასკონიაში 2014 წელს, NBA-ში, ბრუკლინსა და ჩიკაგოში გატარებული ორწლიანი პერიოდის შემდეგ გადავიდა. ვიტორიულ კლუბში გატარებულ მეექვსე წელს თოკომ ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა ევროპლიგის მოქმედ ჩემპიონებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები