Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: რუსთავმა მარნეულს ბოლო წამებზე მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარნეული 81:84 რუსთავი
  • მგზავრები 100:83 სოხუმი
  • ოლიმპი 64:82 კაკტუსი

საკალათბურთო სუპერლიგის მესამე წრე 25-ე ტურით დაიწყო. საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში რუსთავმა მარნეულის დელტა დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში.

მატჩის ბედი საფინალი სირენამდე 6 წამით ადრე გადაწყდა, როცა თანაბარ ანგარიშზე რეზო ჩაჩანიძემ რუსთავის კარგად გათამაშებული კომბინაცია ზუსტი ტყორცნით დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 84:81.

მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა. შესაბამისად, თამაში დაძაბული და ძალიან საინტერესო გამოდგა.

რუსთავის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ტაირელ ნელსონი, რომლის აქტივში 26 ქულა და 9 მოხსნაა. 24 ქულით დაასრულა მატჩი რეზო ჩაჩანიძემ. სამმაგი დუბლი შეასრულა ადამ ბლეიზეკმა, რომლის ანგარიშზე 11 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნაა. მარნეულის რიგებში 26 ქულა მოაგროვა ნიკოლას ნილმა.

ოლიმპთან შეხვედრა კაკტუსმა უპირატესობით წარმართა და საბოლოოდ, 18-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა. 

ორივე გუნდს არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა, რაც თამაშის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად აისახა.

მთლიანობაში, კაკტუსი დიდ უპირატესობას ფლობდა და იყო პერიოდი, როდესაც სხვაობამ 30 ქულას გადააჭარბა.

მეორე ტაიმში ოლიმპმა თამაში გამოასწორა და ერთი პერიოდი, ქულათა სხვაობა 12-მდე შეამცირა, მაგრამ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ისევ კაკტუსის უპირატესობით წარიმართა.

კაკტუსის რიგებში 26 ქულით ყველაზე შედეგიანი დეანდრე პარსი იყო, 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აქტივში დავით ლომიძემ, ხოლო ჯონ მიჩელის ანგარიშზე ორმაგი დუბლი: 13 ქულა და 10 მოხსნაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მგზავრებმსა სოხუმი დაამარცხა და მორიგი ქულები ჩაიწერა აქტივში.

თამაში მგზავრების სრული უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა: 100:83.

მგზავრებში 23 ქულით ვეტერანი დავით ბარბაქაძე გამოირჩა, 19 ქულა ჯაბა ჯინჭარაძის ანგარიშზეა, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილმა 14 ქულა მოაგროვა.

სატურნირო ცხრილს 42-42 ქულით ქუთაისი და რუსთავი ლიდერობენ, 40-40 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს დინამო და კაკტუსი იყოფენ

კომენტარები

ბოლო ამბები