Thumbnail

ბუდუ ზივზივაძე: ჩემი მიზანი უნგრეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მისი სტილის ფორვარდი ჩვენს კლუბს ძალიან უნდა გამოადგეს'
  • ქართველი ფეხბურთელი უნგრეთის ვიცე-ჩემპიონში ითამაშებს

უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა ფეჰერვარმა, რომელსაც უფრო ვიდეოტონის სახელით ვიცნობთ, ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე წარადგინა.

26 წლის ზივზივაძე 2019 წლიდან სწორედ უნგრეთის ჩემპიონატში, მეზოკოვეშდში თამაშობდა და 32 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი ჰქონდ, ამიერიდან კი, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონისთვის გაიტანს. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ბუდუმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“მოხარული ვარ, რომ კარიერას ისეთი ისტორიის კლუბში განვაგრძობ, როგორიც ვიდია. მე უკვე ვიყავი საქართველოს ჩემპიონი და 2-ჯერ ლიგის ბომბარდირიც გავხდი, ახლა კი, ვიდეოტონშიც იგივე მიზნებით მოვედი. იმედი მაქვს, რომ კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას მოვახერხებ. ჩემი მიზანი ვიდისთან ერთად უნგრეთის ჩემპიონატის მოგება და თასის აღებაა. ასევე, მსურს, ევროპის ლიგაშიც რაც შეიძლება შორს გავიდეთ”.

ზივზივაძის ტრანსფერს გამოეხმაურა ფეჰერვარის სპორტული დირექტორი ზოლტან კოვაჩიც:

“ბუდუ 2 წლის წინ, ევროპა ლიგის მატჩში შევამჩნიეთ, როდესაც დინამო თბილისი სლოვაკურ დუნაისკა სტრედას ეთამაშებოდა და მან გოლიც გაიტანა. ცხადია, ზივზივაძეს გასულ სეზონშიც აქტიურად ვაკვირდებოდით, რადგანაც უნგრეთშივე მეზოკოვეშდში ასპარეზობდა. ის ძლიერი, სწრაფი და კვალიფიციური ფეხბურთელია, რომელსაც შეტევების დაგვირგვინება კარგად ეხერხება. ვფიქრობ, მისი სტილის ფორვარდი ჩვენს კლუბს ძალიან უნდა გამოადგეს. მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ბუდუს გამოცდილება არ აკლია”.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძის პირველი უცხოური კლუბი დანიური ესბიერგი იყო, მეზოკოვეშდში გადასვლამდე, დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოში თამაში მოასწრო, ახლა კი, ისევ უნგრეთის ჩემპიონატში იასპარეზებს. ფეჰერვარმა გასულ სეზონში 63 ქულა მოაგროვა და ქვეყნის ჩემპიონს, ლაშა დვალის ფენერცვაროშს 13 ქულით ჩამორჩა. ახალ სეზონში ვიდი უეფა-ს ევროპის ლიგაზეც სცდის ბედს. ბუდუს ახალი კლუბი უნგრეთის 3-გზის (2010-11, 2014-15, 2017-18) ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები