Thumbnail

როცა პასი გოლზე არანაკლებ გიყვარს - შაბათს გვილიას პირობის შესრულება მოუწევს?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვაკო გვილია შაბათს შესაძლოა, პოლონეთის ჩემპიონი გახდეს
  • 10 გოლი და 9 ასისტი - გვილია ლეგიას ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

შაბათს პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურში ვარშავის ლეგია კრაკოვიას მასპინძლობს. თუ ვაკო გვილია და მისი გუნდელები ქულას მაინც აიღებენ, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ტიტულს მოიპოვებს...

აღსანიშნავია, რომ ლეგია არ არის ყველაზე ტიტულოვანი პოლონური კლუბი, თუმცა 2019/20 წლების სეზონის მოგების შემდეგ ასეთი გახდება - ეს ვარშაველთა მე-14 ტიტული იქნება, ლეგია გაუსწრებს რუხს და დაეწევა გურნიკსა (სადაც ვაკოს ასევე უთამაშია) და ვისლას. 

26 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის ეს სეზონი საუკეთესოა - 46 ოფიციალურ მატჩში 10 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა. მან ამას წინათ ერთი პირობა დადო, რომლის შესრულებაც შესაძლოა, შაბათს მოუწიოს - თუ ლეგია ჩემპიონი გახდება, მუსიკალურ ჯგუფთან ერთად უნდა იმღეროს - Mistrzem Polski jest Legia (ლეგია პოლონეთის ჩემპიონია). 

პოლონური მედიის ცნებით, გვილიამ ლეგიას რიგებში ამ სეზონში ყველაზე მეტი ითამაშა (თუ გოლკიპერს არ ჩავთვლით), კლუბმა მოიგო 10-ვე მატჩი, რომლებშიც ქართველმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ვაკოს საგოლე პასების გაკეთება არანაკლებ უყვარს, ხანდახან მეტადაც, ვიდრე გოლების გატანა.

"არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელისთვის გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ. უბრალოდ ვცდილობ, მისი ნდობა მოედანზე კარგი თამაშით გავამართლო", - განაცხადა გვილიამ PS-თან ინტერვიუში.

"როცა ლეგიამ ჩემი ყიდვა გადაწყვიტა შვეიცარიული კლუბისგან, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მე მათ მოთხოვნილებებს ვაკმაყოფილებ და კარგად ვჯდები გუნდის კონცეფციაში. კარგად ვიცოდი, რა მელოდა აქ, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ლეგიას შესახებ ლადო დვალიშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს დავეკითხე. ორივემ მხოლოდ პოზიტიური შეფასება გააკეთა კლუბზე. 

მიყვარს მოედანზე საჯარიმოდან საჯარიმომდე სირბილი და დაცვისა და შეტევის დახმარება. არ დამითვლია, რამდენს დავრბივარ, უბრალოდ ვცდილობ, მოცემულ მომენტში ზუსტად იქ ვიყო, სადაც გუნდს ვჭირდები. ზოგიერთ თამაშში ძირითადად დაცვის დახმარება მიწევს, ზოგჯერ კი საკუთარ ნახევარზე იშვიათად გადავდივარ. ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ კარგ ნახევარმცველს ორი თვალი კი არა, ოთხი თვალი უნდა ჰქონდეს, რადგან მან სხვებზე მეტი უნდა დაინახოს". 

ვაკო გვილია უკრაინულ მეტალურგში, ბელარუსულ მინსკსა და ბატე-ში თამაშობდა. 2017 წელს ის შვეიცარიულ ლუცერნში გადავიდა, შარშანდელი სეზონი მან იჯარით პოლონურ გურნიკში გაატარა, სადაც თამაშით ლეგია დააინტერესა. ლეგიამ მის სანაცვლოდ შვეიცარიულ კლუბს 300 000 ევრო გადაუხადა. 

კომენტარები

ბოლო ამბები