Thumbnail

PREVIEW | იუვე ატალანტას სერიას ემუქრება - შედეგიანი მატჩის მოლოდინი

  • 📅 11 ივლისი | ⌚ 23:45 | ⚽ იუვენტუსი V ატალანტა
  • მაურიციო სარის მილანთან წაგების შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება
  • სასპერინის გუნდი ტურინში მოგებათა 9-მატჩიანი სერიით ჩადის 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

სერია A-ს 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც სატურნირო ცხრილის ლიდერი იუვენტუსი ტოპსამეულში აღზევებულ ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებს. 

მაურიციო სარის გუნდმა გასულ ტურში სტუმრად მილანთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო (2:4), ჯან პიერო გასპერინის შეგირდებმა კი შინ სამპდორიას ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და ახლა ტურინულ შეხვედრას, ჩემპიონატში მოგებათა 9-მატჩიანი სერიით ხვდებიან.

ბერგამოელებს იუვენტუსისთვის ტურინში უკვე 30 წელიწადზე მეტია არ მოუგიათ! გასპერინის გუნდს ნავსის გატეხვის შანსი ახლა აქვს - შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება, სარის გუნდში ყველაფერი რიგზე აშკარად ვერ არის (იმასაც წერენ, რომ მაურიციოს კრიშტიანოსთან პრობლემები აქვს), თავად ატალანტა კი უბრალოდ დიდებულ ფორმაშია - ერთადერთი გუნდია სერია A-ში, რომელსაც სეზონის განახლების შემდეგ ქულები არ დაუკარგავს.

მაგრამ ერთია შანსი და მეორე - მისი გამოყენება. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, იუვენტუსი ამ დაპირისპირების ფავორიტია. თანაც, ტურინელებს ატალანტასთან მატეის დე ლიხტი და პაულო დიბალა უბრუნდებიან, რომლებმაც დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადეს. 

პირველ წრეში იუვემ ატალანტას სტუმრად იგუაინის დუბლით მოუგო (3:1)

საინტერესო ფაქტები

⚽ ტურინის იუვენტუსი ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 36 საშინაო შეხვედრაში დაუმარცხებელია.

⚽ იუვენტუსი საშინაო მატჩებში ნაჩვენები შედეგით სერია A-ში საუკეთესო გუნდია - 15 თამაში, 14 მოგება და 1 ფრე.

⚽ სერია A-ში ტურინის იუვენტუსის ბოლო 19 თამაშიდან 16-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ მაურიციო სარის გუნდი ჩემპიონატის ბოლო 9 საშინაო მატჩში სულ ცოტა 2 გოლს იტანდა.

⚽ ტურინის იუვენტუსს ჩემპიონატში ბერგამოს ატალანტასთან 2001 წლის შემდეგ არ წაუგია - 24 მოგება, 6 ფრე.

⚽ იუვენტუსი ატალანტას ჩემპიონატში გამართულ ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8-ში 1-ზე მეტ გოლს უტანდა.

⚽ კრიშტიანო რონალდომ სერია A-ში ბოლო 17 მატჩიდან 16-ში გაიტანა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 26 გოლია.

⚽ სერია A-ში იუვენტუსისა და ატალანტას ბოლო 7 დაპირისპირებიდან 5-ში 3.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ სერია A-ში იუვენტუსისა და ატალანტას ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6-ში გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

⚽ იუვენტუსს ტურინში ატალანტასთან ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 19 შეხვედრაში არ წაუგია.

⚽ ბერგამოს ატალანტა სტუმრად გამართულ მატჩებში ნაჩვენები შედეგით სერია A-ში საუკეთესოა - 15 თამაში, 10 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი.

⚽ ატალანტა ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან 10-ში სულ ცოტა 2 გოლს იტანდა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო - ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო - ბერნარდესკი, დიბალა, რონალდო.
ტრავმა: ხედირა, დე შილიო, დემირალი.
დისკვალიფიკაცია: არავინ.

ატალანტა (3-4-1-2): გოლინი - ტოლოი, პალომინო, ჯიმშიტი - ჰატებური, დე რონი, ფროილერი, გოზენსი - მალინოვსკი - გომესი, საპატა.  
ტრავმა: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ.

კომენტარები

ბოლო ამბები