- მილანის 38 წლის თავდამსხმელმა კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა
- შვედ ფეხბურთელს ევროპალიგაში თამაშის პერპექტივა არ ხიბლავს
მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩა იტალიურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი მილანში 2020 წლის იანვარში დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში იბრამ 11 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი.
"იბრა გამარჯვებებისთვის თამაშობს, სხვა შემთხვევაში, ის შინ დარჩებოდა. მეუბნებოდნენ, რომ კარიერის აშშ-ში დასრულება მეტისმეტად იოლი იქნებოდა და ამიტომ დავბრუნდი მილანში. აქ ჟინს ვიკმაყოფილებ, რადგან ლამის უფასოდ ვთამაშობ. შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებულმა ვითარებამ ყველაფერი გააჩერა. მაშინ გავიფიქრე, რომ იქნებ ეს ნიშანია იმისა, რომ წასვლის დროა. საბედნიეროდ, მოედანს დავუბრუნდით.
იბრა ფეხბურთის სათამაშოდ დაიბადა. ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს ორი თვის შემდეგ. ასევე ვნახავთ, რა მოხდება კლუბში. თუკი ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ამჟამად არის, მომავალ სეზონში მილანში ალბათ ვეღარ მნახავთ. იბრა არ არის ევროპალიგის მოთამაშე, მილანი კი - ამ ტუნრირის კლუბი.
მომავალი გასარკვევი მაქვს. მითქვამს, რომ ეს არ არის ის დიდი მილანი, რომელშიც ვთამაშობდი, მაგრამ ამ ვითარებაშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. არ ვიცი, იქნება თუ არა კიდევ ერთი კლუბი მილანის შემდეგ", - ამბობს შვედი თავდამსხმელი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა ჰამარბიში გააგრძელოს, რომლის მფლობელია.
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 31 მატჩის შემდეგ, მილანს 49 ქულა აქვს და ამჟამად სატურნირო ცხრილში ევროთასების ზონის მიღმა, მე-7 ადგილზეა.
კომენტარები